BBC Two 2 -მა აჩვენა მესამე ნაწილი ფილმისა ”პუტინი, რუსეთი და დასავლეთი”. ის ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან და 2008 წლის აგვისტოს ომს. ფილმის ავტორები შეეცადნენ გაერკიათ კონფლიქტის მიზეზები. ფილმში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს საქართველოს კრიზისი იყო ყველაზე სერიოზული გამოცდა რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობაში ცივის ომის დასრულების შემდეგ.
ომის შესახებ ქრონიკას ერთვის თვითმხილველების კომენტარები. ნიკოლა სარკოზის მრჩეველი იხსენებს დიალოგს, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებისას ნიკოლა სარკოზისა და ვლადიმირ პუტინს შორის შედგა. კერძოდ იმას, რომ სარკოზი პუტინს განუმარტავდა ომის შესაძლო კატასტროფულ შედეგებს რუსეთისთვის , ევროპისთვის , ყველასთვის.. და ცეცხლის შეწყვეტას სთხოვდა. სარკოზის მრჩეველი იხსენებს, რომ კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს ჯერ 48 საათი, შემდეგ კი 24 საათი მოსთხოვა, პასუხი კი იყო - არა.
ფილმის ავტორებს მოჰყავთ რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის კომენტარიც : ” მე ბოლო მომენტში შევაჩერე ჯარი. რუსეთის ჯარი თბილისში რომ შესულიყო დღეს საქართველოს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა.”
”მარტო დარჩენა - ეს იყო საფასური და რუსეთი მზად იყო ეს საფასური გაეღო”. - ამ ფრაზით სრულდება მესამე ნაწილი ფილმისა ”პუტინი, რუსეთი და დასავლეთი.” ის ოთხი ნაწილისგან შედგება. ფილმის პირველი ნაწილი ”კონტროლი” BBC ეთერში 20 იანვარს გავიდა, მოგვიანებით კი მეორე ნაწილიც სახელწოდებით - ”დემოკრატია გვაფრთხილებს” .
”პუტინი, რუსეთი და დასავლეთი” მაყურებელს მოუთხრობს პუტინის ხელისუფლებაში მისვლასა და მის მმართველობაზე. ფილმის ავტორები ბრიტანული ტელეკომპანიის საერთაშორისო ჯგუფის წევრები არიან .
ახლო მომავალში ნაჩვენები იქნება ფილმის მეოთხე ნაწილი და ის აღწერს ვლადიმირ პუტინის და დმიტრი მედვედევის ტანდემის ჩამოყალიბებას.




