განათლების სამინისტრო

ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და წარმატებულმა მოჭადრაკემ გარი კასპაროვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი საქართველოში მოზარდთა ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განმავითარებელი სპორტის სახეობის - ჭადრაკის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში ჭადრაკის ოსკარის მფლობელი გარი კასპაროვი საქართველოში ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლეებს სწავლების მისეულ პროგრამას შესთავაზებს. კასპაროვის შექმნილი პროგრამა გულისხმობს ჭადრაკის სწავლებას კომპიუტერული მეთოდით. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეს მეთოდი დაინერგება, ამის საშუალებას კი ის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური აღჭურვილობა იძლევა, რაც საქართველოს სკოლებში არსებობს.

კასპაროვი დარწმუნებულია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჭადრაკის დანერგვა სწავლის ხარისხს გააუმჯობესებს - „როცა ბავშვის აღზრდაში ჭადრაკი ერთვება, მას სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება და აზროვნებას იწყებს, რადგან ჭადრაკის თამაში ანალიზს მოითხოვს. გარდა ამისა, ის ბავშვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და დადგენილი წესების მკაცრად დაცვას აჩვევს, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახება. ჭადრაკის სწავლების დანერგვა ქვეყანას კიდევ არაერთი ნიჭიერი ადამიანის წარმოჩენაში დაეხმარება”.

2010-2011 სასწავლო წლიდან სკოლებში სპორტის გაკვეთილები დაინერგა. სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, ამ სახეობებიდან ჭადრაკი საქართველოს 800-ზე მეტ სკოლაში არის არჩეული, რაც სპორტის ამ სახეობის აქტუალობაზე მეტყველებს. გარი კასპაროვი მიიჩნევს, რომ ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება.

 

კომენტარები