ქართული ეკლესია

საპატრიარქო აფხაზი სამღვდელოების მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრაზე

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქთან აფხაზური ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა.

აფხაზური მედიის ცნობით, 9 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა მიიღო ე. წ. "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭო", რომლის შემადგენლობაშიც შედიან: არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), მღვდელმონაზონი ანდრია (ამფარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია), თემურ ძიძარია და გერმანე მარშანია.

 

საქართველოს საპატრიარქო დაუკავშირდა მსოფლიო პატრიარქის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი). მისი განცხადებით, აფხაზი მღვდელმსახურები მსოფლიო პატრიარქთან აუდიენციას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, მისი მისამართით არაერთი წერილი გაგზავნეს. როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პიროვნებებსაც მიეცათ საუბრის შესაძლებლობა, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

ამავე დროს, არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქის მიერ "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს” წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ არ არის სწორი, ამ ფაქტს ეწოდოს მსოფლიო პატრიარქთან ”ოფიციალური ვიზიტი”, ან თუნდაც ”ოფიციალური შეხვედრა”.

 

როგორც საპატრიარქო არქიმანდრიტმა ბართლომეზე დაყრდნობით აცხადებს, კონსტანტინეპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის. აქედან გამომდინარე, აფხაზი სამღვდელოების საკითხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს.

 

კომენტარები