2011 წელს მსოფლიოს მასშტაბით 66 ჟურნალისტი მოკლეს - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრების გარეშე” წლის შემაჯამებელ მოხსენებაში. მოკლულ ჟურნალისტთა შორის უმრავლესობა არაბულ რევოლუციებს, მექსიკური ბანდების დანაშაულებრივ ქმედებებს და პაკისტანში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებდა. მოკლულ რეპორტიორთა რიცხვი 16%-ით მეტია, ვიდრე 2010 წელს.
ყველაზე მეტი, 10 ჟურნალისტი პაკისტანში მოკლეს - შესაბამისად, ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ დასახელდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ყველაზე საშიშად. საერთო ჯამში 20 რეპორტიორის სიცოცხლე შეეწირა შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გაშუქებას. ამდენივე ჟურნალისტი დაიღუპა ლათინურ ამერიკაში.
2011 წლის მანძილზე 1044 ჟურნალისტი დააკავეს - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს. ძირითადად, ამის მიზეზი გახდა არაბული გაზაფხული, გარდა ამისა, ქუჩის აქციები საბერძნეთში, ბელარუსში, უგანდაში, ჩილესა და შეერთებულ შტატებში. ჟურნალისტთა დაკავების ფაქტებით ასევე ლიდერობენ ჩინეთი, ირანი და ერიტრეა.
ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი წელს 1959 ჟურნალისტი გახდა, 71 - მოიტაცეს, 499 მედია დაექვემდებარა ცენზურას, 68 ქვეყანამ განახორციელა ინტერნეტ-ცენზურაც.
10 ადგილი, რომელიც ორგანიზაციამ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ყველაზე საშიშად შერაცხა, მოიცავს ბაჰრეინის დედაქალაქს მანამას, კოტ დიუარის ქალაქ აბიჯანს, ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანს ტახრირს, ლიბიის ქალაქ მისრატას და მექსიკის შტატს ვერაკრუზს.
შედარებისთვის, გასულ წელს ჟურნალისტური საქმიანობისთვის 57 ადამიანი მოკლეს. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს იყო - ამ წელს, ერაყის ომის გამო, მოკლულ ჟურნალისტთა რიცხვმა 87-ს მიაღწია.




