დღეს პრესის გამავრცელებელი კომპანიების წარმომადგენლებმა ”თბილისი მარიოტში” პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა პრესის ჯიხურების აღება იყო. მონაწილეებმა მერიას მათთან შეხვედრისკენ და მოლაპარაკების გამართვისკენ მოუწოდეს.
პრესის სადისტრიბუციო კომპანია ”პლანეტა ფორტეს” ხელმძღვანელის, მერაბ ჩანჩალაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 144 საგაზეთო ჯიხურიდან 21 ჯიხურია დარჩენილი. მისივე თქმით, პრესის გამავრცელებლებს 200-მდე თანამშრომლის შემცირება მოუწიათ.
გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის თქმით, საგაზეთო ჯიხურების აღების გამო მნიშვნელოვნად შემცირდა პრესის ტირაჟი.
კონფერენციის მონაწილეების მოთხოვნაა, რამდენმე ლოტზე აუქციონი მხოლოდ პრესის სადისტრიბუციო კომპანიებისთვის გამოცხადდეს და სხვა საქმიანობით დაკავებულ კომპანიებთან არ მოუწიოთ კონკურენცია.
პრესის ჯიხურების აღება მერიის პროექტ ”1000 ჯიხურის” ფარგლებში ხდება. ამ პროექტით გათვალისწინებულია თბილისში ახალი ჯიხურების ჩადგმა. მერიის განცხადებით, ეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწობას ემსახურება.




