მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას, რაც 150 წევრიანი პარლამენტის 73 მაჟორიტარით და პარტიული სიით არჩეული 77 დეპუტატებით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიათა დაფინანსების ახალი სისტემის დამკვიდრებისთვის.
„მომეშვა გულს, კიდევ კარგი შევთანხმდით, რომ დეპუტატთა რაოდენობა 150-ზე მეტად არ გაიზრდება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო დეპუტატთა რაოდენობის ზრდის. პრეზიდენტის აზრით ევროპელების რეკომენდაციით შემოდის პარტიების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის პირობებშიც „ ვერავინ შეძლებს , მით უფრო გარედან და მით უმეტეს დამპყრობელი ქვეყნიდან შემოტანილი ფულით საქართველოში რაიმე პროცესებისთვის ხელის შეშლას და საქართველოს განვითარების შეფერხებას.“
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 114 ხმით 1–ის წინააღმდეგ უყარა კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 150–წევრიანი პარლამენტის 73 მაჟორიტარით და 77 პარტიული სიით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. ეს კონფიგურაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.
დეპუტატთა რაოდენობის ზრდა 150-დან 190-მდე მმართველ და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის შეთანხმების ნაწილი იყო და პარლამენტში მაჟორიტართა რაოდენობის 75-დან 83-მდე , ხოლო პარტიული სიით ასარჩევ დეპუტატთა 75-დან 107-მდე გაზრდას ითვალისწინებდა. პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდაზე საკონსტიტუციო ინიციატივა ნოემბერში იქნა ინიცირებული და პარლამენტშიც დავის საგნად იქცა. სწორედ ამიტომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეთანხმების ამ ნაწილის გადახედვის შესახებ. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების ახალი სისტემას, ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.




