დღეს, სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გამართულ შეხვედრაზე გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ახალი მედიაგაერთიანება შეიქმნება, რომელიც მედიის უფლებებზე იზრუნებს.
დღეს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მედიაგაერთიანების წესდება უნდა შეიმუშაოს. ამის შემდეგ გაერთიანება ოფიციალურად დაფუძნდება. სამუშაო ჯგუფში გაერთიანდნენ გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, ”ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი ჯაბა ხუბუა, რადიო ”მაესტროს” ჟურნალისტი ხატია ქავთარაძე და ინტერნეტგამოცემა ”პრესაჯი.ტვ”-ს წარმომადგენელი როზი ჟღამაია. სამუშაო ჯგუფი წესდების მომზადების პროცესში კონსულტაციებისა და დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართავს. ”ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მედიაგაერთიანებაში გაწევრიანებას სტუდია ”ობიექტივიც” აპირებს, რომლის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილია.
შეგახსენებთ, რომ მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატივით ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი 16 დეკემბერს პოლიციის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ღლონტის თქმით, ეს გაერთიანება ორგანიზებას გაუწევს მედიის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს, მოამზადებს საჯარო განცხადებებს, როგორც ქართული აუდიტორიისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის.
ახალი მედიაგაერთიანება არაწევრი მედიასაშუალებების უფლებების დაცვასაც გეგმავს. გაერთიანებაში გაწევრიანება, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მედიასაშუალებას შეუძლია.




