საკონსტიტუციო ცვლილებები

დეპუტატთა რაოდენობა პარლამენტში, შესაძლოა, აღარ გაიზარდოს

დეპუტატთა რაოდენობის ზრდაზე საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მიიღონ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, 19 დეკემბერს პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები უნდა გაიმართოს, რაც დღეს დაიწყება.  „აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს გაიზრდება, თუ არ გაიზრდება მომავალ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა და თუ არ გაიზრდება – რისი საწინააღმდეგოც მე პირადად არაფერი არ მაქვს – რა სხვა მექანიზმები შეიძლება იქნას მოფიქრებული იმისათვის, რომ მომავალ პარლამენტში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად და უფრო მეტი ფუნქციებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 დეპუტატთა რაოდენობის ზრდა 150-დან 190-მდე მმართველ და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის იმ შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც საარჩევნო გარემოზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაფორმდა. მის მიხედვით, მაჟორიტართა რაოდენობა 75-დან 83-მდე იზრდება, ხოლო პარტიული სიით ასარჩევ დეპუტატთა - 75-დან 107-მდე. მაშინ ამ შეთანხმების მოტივაციად უფრო პლურალისტული პარლამენტის მიღება გამოცხადდა. თუმცა, შემდგომში კონტროვერსიის საგნად იქცა. მიუთითებდნენ იმაზეც, რომ ის ეწინააღმდეგებოდა 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს, როდესაც უმრავლესობამ განაცხადა, რომ არ სურს პარლამენტში 150 ადამიანზე მეტი იყოს. პარლამენტის წევრთა რაოდენობის ზრდაზე საკონსტიტუციო ინიციატივა ნოემბერში იქნა ინიცირებული და პარლამენტშიც დავის საგნად იქცა. სწორედ ამიტომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეთანხმების ამ ნაწილის გადახედვაზე.

 

კომენტარები