განათლება

საქართველოს მოსწავლეებს კითხვით უნარებში, მათემატიკასა და მეცნიერებებში დაბალი შედეგები აქვთ

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების პროგრამის” (PISA) შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს 15 წლის მოსწავლეებს კითხვითი, მათემატიკური და მეცნიერული წიგნიერების მიხედვით, 74 ქვეყანას შორის ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

ავტორიტეტული ორგანიზაცია მსგავს კვლევას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ატარებს. 2009+ წლის კვლევაში, უშუალოდ OECD-ის წევრი 34 ქვეყნის გარდა, ჩართული იყო 31 პარტნიორი ქვეყანა და ეკონომიკა. მოგვიანებით მათ კიდევ 10 დაემატა, მათ შორის - საქართველო, რომელიც კვლევას 2010 წლიდან შეუერთდა.

საქართველოს მოსწავლეების მიერ ნაჩვენები შედეგები “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ყველა წევრ ქვეყანის შედეგებზე დაბალია. ხოლო ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, ბოლო ადგილებს ინაწილებს.

კონკრეტულად, კვლევამ შემდეგი შედეგები აჩვენა:

კითხვით უნარებში საქართველოს მოსწავლეების საშუალო ქულა არის 374. ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად კატარის, პერუსა და პანამის მაჩვენებელს უტოლდება. საერთო ჯამში, 74 ქვეყნიდან საქართველო 67-ე ადგილზეა. კვლევის თანახმად, მოსწავლეთა მხოლოდ 38%-ს აქვს კითხვის ის მინიმალური (ან მინიმალურზე მეტი) უნარები, რომელიც აუცილებელია ცხოვრებაში პროდუქტიული და ეფექტური მოქმედებისთვის. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შანხაის/ჩინეთს, კორეასა და ფინეთს აქვს.

რაც შეეხება მათემატიკას (მათემატიკურ წიგნიერებას), აქ საშუალო ქულა 379-ია - ამ მაჩვენებლით საქართველო 65-ე ადგილს იკავებს. მათემატიკური ცოდნისა და უნარების მინიმუმს (ან მეტს), რომელიც მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, მოსწავლეთა მხოლოდ 31% ფლობს.

მეცნიერებაში საშუალო ქულა 373-ია, შესაბამისი ადგილი კი 70-ე 74-იდან. მოსწავლეთა მხოლოდ 34%-ს აქვს ის მეცნიერული ცოდნა და უნარები, რომელიც მომავალში მეცნიერებასა ან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სიტუაციებში დაჭირდებათ.

მეცნიერებისა და კითხვის უნარებში გოგონების საშუალო ქულა უფრო მაღალია, ვიდრე ბიჭების. მათემატიკის შემხვევაში, კვლევამ მათ შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გასხვავება არ აჩვენა.

კვლევაში, მსოფლიო მაშტაბით, 1 377 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 

 

კომენტარები