სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ანგარიში საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა  არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და ჯანდაცვის უფლების რეალიზებას. გაანალიზებულია 2011 წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილი პატიმრების სიკვდილიანობის მიზეზები და ტენდენციები. დეტალურად არის აღწერილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა 2011 წლის პირველ ნახევარში.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 36 გეგმური და 241 არაგეგმური ვიზიტი განახორციელა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში – 42 გეგმური და 80 არაგეგმური ვიზიტი. საქართველოს სახალხო დამცველი თითოეულ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს მთავრობას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს,   შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას.

” 2011  წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილი 77  პატიმრიდან ტუბერკულოზი აღენიშნებოდა 54.5%; ანუ 2010  წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-იანი მატება აღინიშნება.  აღსანიშნავია ისიც,  რომ 2011 წლის პირველ 6  თვეში გარდაცვლილი პატიმრებიდან სიკვდილის უშუალო მიზეზად ტუბერკულოზი დაახლოებით 43%-ში იქნა დადასტურებული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.  როგორც ჩანს,  მდგომარეობა კვლავ საკმაოდ კრიტიკული და შემაშფოთებელია”-  ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველმა პრობლემურ საკითხებს შორის დაასახელა გლდანის მე–8 და ქუთაისის მე–2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თანამშრომლების მიერ პატიმართა ცემის ფაქტები.

 ანგარიშს    გამოეხმაურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე. „მივესალმები სახალხო დამცველის მიერ დადებულ შუალედურ ანგარიშს.  ჩვენ მის ანგარიშს ყოველთვის დეტალურად ვეცნობით, რათა გადავამოწმოთ გარკვეული მდგომარეობა და  შესაბამისი რეფორმებით მოვახდინოთ რეაგირება. ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა თუ როგორ მივიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე” - განაცხადა მან პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე. 

კომენტარები