განათლება

საჯარო სკოლებში ქრთამის აღების ფაქტები გამოავლინეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სკოლის დირექტორთა მიერ ქრთამის აღების ფაქტები გამოავლინეს.  დაკავებულები არიან გორის რაიონის სოფლების: ფლავისმანის, ნიქოზის, გარეჯვარის საჯარო სკოლების დირექტორები -  გიორგი ქარელი, მარინე თარაშვილი, მიხეილ ბიბილაშვილი და გარეჯვარის სკოლის სამეურნეო  ნაწილის ხელმძღვანელი სოფიო ჩალაური.

გენერალური ინსპექციის განცხადებით, ისინი საჯარო სკოლების გათბობისთვის შეშით მომარაგების საკითხზე, დანაშაულებრივად გაურიგდნენ ერთ-ერთ ინდმეწარმეს. შეთანხმების  თანახმად,  ბრალდებულები მეწარმის საამქროდან   შეიძენდნენ  შეშას და მას სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჩაურიცხავდნენ  შეშის ღირებულებაზე მეტი ოდენობის თანხას, შემდეგ ზედმეტად დარიცხული   თანხის  უკან დაბრუნება ქრთამის სახით მოხდებოდა. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ფაქტზე დააკავეს, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას გამოძიება დაადგენს. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით“. - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები