საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პირადი მოწვევით, პარტიის ყრილობას დაესწრო . საქართველოს პირველმა პირმა ყრილობას მიმართა . თავის გამოსვლაში მან ყურადღება საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და მისი მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე გაამახვილა.
"თქვენ, ყველამ იცით, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არღვევს 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და საერთაშორისო სამართალს. ყველამ იცით 500 000 იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ. ისინი საკუთარი სახლებიდან მხოლოდ იმიტომ გამოაძევეს, რომ უშიშროების ყოფილმა ოფიცრებმა გადაწყვიტეს, რომ მათი სახლები სათამაშო მოედანია. მინდა მადლობა გამოვხატო ევროპარლამენტის მიმართ, რომელიც მორალის უმაღლესი ერთგული დარჩა და მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც ისაუბრა ჩვენი ტერიტორიის არალეგალურ ოკუპაციაზე"- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. იქვე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას და დაგმო რუსეთის აგრესია ჩვენი ქვეყნის მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში დღეს დაიწყო. ევროპის სახალხო პარტიის მე-20 კონგრესი მარსელში, "კავშირი სახალხო მოძრაობისთვის" და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ვილფრიდ მარტენსის ეგიდით გაიმართა. ყრილობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.




