ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთან და მოლდოვასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გასაფორმებლად. ამის შესახებ ნათქვამია ცნობაში, რომელიც ევროკომისიის ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა, იქვე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები მიზნად ისახავს იმ სავაჭრო-ეკონომიკური საკითების გადაწყვეტას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ევროკავშირთან.
„გვსურს შევქმნათ სტაბილური და მყარი საფუძველი საქართველოსთან და მოლდოვასთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითებში კარელ დე გუხტმა. მისი თქმით, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა დაეხმარება საქართველოსა და მოლდოვას გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და ისარგებლონ ევროკავშირის თავისუფალი ბაზრის უპირატესობებით“.
როგორც, თვის მხრივ, ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითებში შტეფან ფულემ აღნიშნა, „ამგვარი ეკონომიკური ინტეგრაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს“. ევროკომისრის შეფასებით, მოლდოვამ და საქართველომ საკმარის პროგრესს მიაღწიეს რეფორმების განხორციელებაში და შეასრულეს რიგი პირობები, რაც მათ საშუალებას აძლევს გააგრძელონ მუშაობა ევროკავშირის ბაზართან თანდათანობით ინტეგრაციის მიმართულებით.
ევროკომისიის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები არის ასოციაციის შესახებ მოლაპარაკებების შემადგენელ ნაწილი, რომელიც საქართველოსთან 2010 წლის ივნისიდან მიმდინარეობს. თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა ხელს შეუწყობს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე ამ ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის გაზრდას მათთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის გზით, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს მოიცავს.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა სტაბილურობისა და გამჭვირვალობისთვის , სამართლებრივი სისტემის დახვეწისთვის.
საქართველოც და მოლდოვაც ამჟამად სარგებლობენ ევროპულ ბაზარზე შეღავათიანი რეჟიმით. საქართველო - პრეფერენციების საერთო სისტემის ("GSP +"), მოლდოვა - ავტონომიური პრეფერენციების სისტემის ფარგლებში.




