გაიცანით NICOLAS

ივენთ ჰოლი თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღეს მასპინძლობს. გარშემო, როგორც ყოველთვის, ბევრი ხალხია, სტუმრები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები... ჩვენებებს შორის შესვენებით ვსარგებლობთ, აურზაურს თავს ვაღწევთ და იქვე, გვერდით, ყავის დასალევად გავდივართ.

მიყვება, რომ როდესაც თბილისში ქუჩაში გადის, ადამიანების ჩაცმულობაში უფრო მეტი ექსპერიმენტის დანახვა უნდა. `თბილისში შთაგონების წყაროს პოვნა რთულია, რადგან ყველაფერი არის ნაცრისფერი. ნიუ-იორკში რომ ვიყო, ძალიან ბევრ რამეს მოვიფიქრებდი. მინდა, როცა ქუჩაში გავდივარ, ვხედავდე ხალხს, რომელიც თავისი გემოვნებით იცვამს. თბილისში ვიღაც იტყვის რაღაცაზე, რომ მაგარია, ტელევიზორში გააშუქებენ და მორჩა, ყველას ერთნაირად აცვია. ისეთი შეგრძნებაა, რომ ბევრს შეიძლება ეს რაღაც არც მოსწონდეს და არც უხდებოდეს, მაგრამ რადგან ტელევიზორში ნახა, უნდა ჩაიცვას. მინდა დავინახო უფრო მეტი ექსპერიმენტი, თავისი და არა ვიღაცის ნაქები სამოსი ადამიანზე.`

ამიტომ, როცა სამოსს ქმნიდა, ეს ყველაფერი ლენკა ციციშვილზე წარმოიდგინა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე კარგად ჩაცმულ გოგოდ მიაჩნია თბილისში. შთაგონება ალბათ მაინც იმ ადამიანებისგან მოდის, ვისაც პირადად იცნობო, - ამბობს.

ჩემი თანამოსაუბრე ნიკოლოზ გრიგორიანია, ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, რომელიც სრული კოლექციით წელს პირველად წარდგა თბილისის მოდის კვირეულზე. გაზაფხულზე თავისი პირველი, სადიპლომო კოლექციით ჟიურის ერთ-ერთი რჩეული გახდა, მოკლე ხანში კი მისი სამოსი Pierrot Le Fou-ში ისეთი დიზაინერების ნამუშევრების გვერდით გამოიფინა, როგორებიც რიკ ოუენსი და დრის ვან ნოტენი არიან.

თავის სამოსში ცდილობს ის აკეთოს, რასაც თბილისის street style-ში ვერ პოულობს - ექსპერიმენტები. გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში გამოყენებული უხეში თარგი ამოღებული ზურგით უფრო სექსუალური გახადა. ნიკოლოზის მთავარი იდეა ყოველთვის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული რაღაცის სინთეზის შექმნაა. ამბობს, რომ ჩვენთან კომერციულად ყველაზე მომგებიანი უბრალო, ლამაზი შიფონის კაბების შექმნაა, რაც მას არასოდეს აქვს. `აქ იყიდება ელეგანტური გრძელი კაბები. ჩვენებაზე როცა ხედავენ კაბას, რომელიც კოჭებს ფარავს, მაშინვე ტაშს უკრავენ, არ აქვს მნიშვნელობა ლამაზი იქნება თუ არა.’ არც კრეატიულობა სარგებლობს მაინცდამაინც პოპულარობით. მისი წინა კოლექციიდან გაიყიდა ის, რაც იყო კომერციული, ქურთუკი კი, რომელიც ნინო ჩუბინიშვილს ძალიან მოეწონა, დღემდე მაღაზიაში კიდია, როცა უამრავი შეკვეთა იყო უბრალო მაისურებზე. თუმცა,  თავადაც ფიქრობს, რომ სამოსი, რომელსაც ადამიანი ვერ ხმარობს, არ უნდა იქმნებოდეს. `სამოსი, რომელიც ლამაზია, მაგრამ უბრალოდ გარდერობში გიკიდია, ჩემი აზრით მკვდარია, რა ლამაზიც უნდა იყოს ის. სამოსი ვიღაცამ უნდა გააცოცხლოს.`

ერთი ესაა, რომ კოლექციის შექმნა საქართველოში დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან სათანადო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მასალის შოვნაც რთულია და განსაკუთრებით კი კარგი მკერავების. ნიკოლოზს კოლექციის 70 პროცენტი მკერავებმა გაუფუჭეს და ძალიან მოკლე ხანში თავიდან მოუწია ახალი ესკიზების შექმნა. `თხუთმეტი კოსტიუმიდან ნამდვილად ჩემი მხოლოდ ხუთი იყო`, - ამბობს გრიგორიანი. ეს არავისთვის არის სიახლე - საქართველოში მხოლოდ მდიდარი ფანტაზია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოდის ინდუსტრიაში ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა.

ამჯერად თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც არა იდეების ნაკლებობა, არამედ ფინანსური მხარე გახდა. როგორც პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა გვითხრეს, ამის გამო კინაღამ საერთოდ უარი თქვეს ამ სეზონის მოწყობაზე, თუმცა საბოლოოდ კვირეული მაინც შედგა. ზოგიერთმა დიზაინერმა საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინა, თუმცა როცა გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მთავარი ტენდენცია შავი ფერი ხდება, ეს ცოტა დამთრგუნველია, ფერადი კოლექციები კი, ძირითადად, ისეთი იყო - უბრალო, ლამაზი, არაფრით გამორჩეული...

სუსტი ინფრასტრუქტურა ცალკე თავის ტკივილია, რაც ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ნიკოლოზი ამბობს, რომ ბაიერის დასაინტერესებლად საჭიროა საკუთარი ქარხანა გქონდეს. `რა მაგარი რაღაცაც არ უნდა გავაკეთო, ბაიერი არ შემიკვეთავს, რადგან სამ თვეში, ვთქვათ, ასი ცალი რაღაცის შეკერვას ვერ შევძლებ’.

შემთხვევით მახსენდება, რომ ნიკოლოზთან დიდი ხნის ინტერნეტ-ნაცნობობა მაკავშირებს. გემოვნების თანხვედრამ მოდასა და მუსიკაში ადრე მაისფეისზე დაგვამეგობრა. მისი გვერდის დიზაინი დღემდე ყველაზე შემოქმედებითად და საინტერესოდ რჩება მათ შორის, რაც ამ სოციალურ ქსელში შემხვედრია. `მაისფეისზე დამამატა ერთმა ლონდონურმა ანდერგრაუნდ ჯგუფმა, - იხსენებს ნიკოლოზი,  - ელექტრონულ როკს უკრავდნენ და მათი ვოკალისტი გოგო  თვეების განმავლობაში მთხოვდა, ჯგუფისთვის გვერდი გამეკეთებინა, იმასაც კი მპირდებოდა, რომ ჩემს ჩვენებაზე დაუკრავდა, ოღონდ დავეთანხმებინე.` ბოლოს რაღაც მაინც გაუკეთა.

თითქმის ორმოცი წუთი გავიდა, რაც კაფეში შემოვედით. ყავა უბრალო მიზეზის გამო ვერ დავლიეთ - ოფიციანტი ჩვენთან არ მოსულა. ჰო, ამ ქვეყანაში ცუდად არა მხოლოდ მკერავები მუშაობენ... 

 

კომენტარები