თბილისი

ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მერიის პროექტის წინააღმდეგ

თბილისის მერიასთან გაიმართა პრესის ასოციაციის და სხვა და სხვა მედია  საშუალებების მიერ ორგანიზებული აქცია მერიის პროექტ ”1000 ჯიხურის” წინააღმდეგ.  აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს  ინტერნეტ გამოცემებმაც,  ასევე ტელე -კომპანიებმა: ” მაესტრომ ”და ”კავკასიამ”. აქციას შეურთდნენ   პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.  თბილისის მერიის წინ შეკრებილებს  ხელში სიმბოლურად გაზეთები ეჭირათ.  მათ მოთხოვნაა პროექტ ”1000  ჯიხურის ” ფარგლებში მერიის მიერ დაპირებული ჯანსაღი კონკურენციის  აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში იყიდება პრესა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება.

თბილისის მერია კი  მიიჩნევს, რომ  ადგილი აქვს პროექტ ”1000 ჯიხურის” თემის  პოლიტიზირებას. ”ჩვენი მთავარი პირობა იყო ყოფილიყო ყველა ერთნაირ და თანაბარ პირობებში. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ინტერნეტ-აუქციონში და მისთვის სასურველ ჯიხურზე შეიტანოს განაცხადი. ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ, რომ შესაძლოა პრესის ჯიხურების მფლობელმა კონკურენცია ვერ გაუწიოს სხვა კატეგორიის ვაჭრობის სექტორს. ვფიქრობთ, რომ ეს არის არასწორი შეხედულება. პრესის ჯიხურის მეპატრონეები ასევე არიან ეკონომიკური სუბიექტები და უწევენ კონკურენციას სხვა მოვაჭრეებს. გამომდინარე აქედან, ერთი ჯგუფის ჩაყენება პრიორიტეტულ სიტუაციაში, ნამდვილად გამოიწვევს უკმაყოფილებას მეორე ჯგუფისას. ეს იქნება სამართლიანი უკმაყოფილება იმ პირებისგან, რომლებიც იღებენ აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობას", - განაცხადა  დღეს მერიის წარმომადგენელმა ბაჩო დოლიძემ.

აქამდე დედაქალაქის მასშტაბით 250-ამდე ადგილზე იყო გაცემული ჯიხურის ნებართვა, დღეისთვის 1000 ადგილია გამოყოფილი. მერიის პროექტის ფარგლებში   ქალაქში ძველი და უსახური ჯიხურები  ახალი, თანამედროვე დიზაინის  ჯიხურებმა უნდა ჩაანაცვლოს .სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებლად აუქციონში მონაწილეობა ყველა კომპანიას შეუძლია, მოგების შემთხვევაში  კი მათ ექნებათ საშუალება გაყიდონ ის საქონელი რაც სურთ, მათ შორის ჟურნალ- გაზეთები.

კომენტარები