საქართველოს პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს საქართველო-სომხეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
„ეს ურთიერთობა ეფუძნება სომხეთის პრეზიდენტის პიროვნულ ფაქტორს. რომ არა მისი პიროვნული ფაქტორი, ბევრი საკითხი ასე სწრაფად ვერ გადაწყდებოდა, ურთიერთობები ასეთი უპრობლემო ვერ იქნებოდა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სერჟ სარგსიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო ადევნებს თვალს სომხეთში ცვლილებების პროცესს.“ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სომხეთში იყოს შიდაპოლიტიკური სტაბილურობა, სომხეთი იყოს ძლიერი და განვითარებული, რაზეც მუშაობს პრეზიდენტი სარგსიანი. ჩვენთვის მნიშნვნელოვანია, რომ სომხეთი დარჩეს ასეთ საიმედო პარტნიორად, როგორც დღეს არის საქართველოსთვის“, - განაცხადა საკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე სააკაშვილმა და სარგსიანმა ორმხრივი რეგიონალური ურთიერთობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ორ მეზობელ ქვეყანას შორის უახლოეს მომავალში განხორციელდება.
მოგვიანებით, ორი ქვეყნის პირველი პირების ხელმძღვანელობით, მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება და მზადყოფნა გამოთქვეს, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებსა და ორმხრივი პროექტების განხორციელების მხრივ. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობამ ახალი დინამიკა შეიძინა, როგორც სახელისუფლებო დონეზე, ისე ორ მეგობარ ერს შორის.
შეხვედრის დასასრულს, სამთავრობო დელეგაციებს შორის გაფორმდა შეთანხმებები საგარეო, ეკონომიკის და სასაზღვრო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
სერჟ და რიტა სარგსიანები საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან . სომხეთის პრეზიდენტი თბილისში საქართველოს-სომხეთის ბიზნესფორუმსაც დაესწრება




