საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი მოსკოვიდან წუხელ დაბრუნდა და განაცხადა, რომ ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში იყო მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქართველოსთვის და მისი ეკლესიისთვის. პატრიარქის თქმით, მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე საუბარი იყო ლტოვილების პრობლემაზე, ”იმედი გვაქვს ლტოლვილები თავის სახლებში დაბრუნდებიან”- აღნიშნა პატრიარქმა. მისივე განმარტებით, მოსკოვში საუბარი იყო ქართველი მეფეების ვახტანგ მეექვსის და თეიმურაზ მეორის გადმოსვენების შესახებ.
ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის კირილის იუბილეზე ჩავიდა და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსაც. საქართველოს და რუსეთის პატრიარქებმა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ერთობლივი წირვა აღავლინეს. რუსეთის პატრიარქმა კირილმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე თქვა: ”ქართველები და რუსები არიან ერთმორწმუნე მეზობლები, რომლებიც ასწლეულები ერთად ცხოვრობენ, ჩვენ ვლოცულობთ რათა ეს სიყვარული კვლავ დაბრუნდეს და გვჯერა ვერანაირი საგარეო პერიპეტიები ვერ დაანგრევს ჩვენს ურთიერთობას”.




