რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის გუშინდელ განცხადებაზე აგვისტოს ომის შესახებ კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო „ეხო მოსკვის" ეთერში გააკეთა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, 2008 წლის აგვისტოში კრემლის გეგმები საქართველოს ნატო-ში შესვლის აღკვეთა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობა იყო.
როგორც გუშინ დმიტრი მედვედევმა ვლადიკავკაზში, ოფიცრებთან შეხვედრაზე განაცხადა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთს „გაბედული ზომები“ რომ არ მიეღო, ამას ნატო-ს გაფართოება მოჰყვებოდა.
გროგოლ ვაშაძის თქმით, ის, რაც მედვედევმა გააჟღერა, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. „დასავლეთის არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ სჯერა იმ განცხადებების, რასაც კრემლი აგვისტოს ომთან დაკავშირებით აკეთებს ხოლმე, როცა აცხადებს, რომ თავის მოქალაქეებს იცავდა. დასავლეთის დამოკიდებულებას კი ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ მიღებული რეზოლუციებიც მოწმობს", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, მედვედევის განცხადება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მან აღიარა არა მხოლოდ ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, არამედ ისიც, თუ რისთვის გააკეთა ეს.
„ამ მხრივ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება სრულად ამომწურავ კომენტარს წარმოადგენს ყველა იმ ადამიანისთვის საქართველოში და მის გარეთ, ვისაც დღემდე აინტერესებს რა და როგორ მოხდა 2008 წლის აგვისტოში“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადება იმის თაობაზე, რომ აგვისტოს ომმა ნატოს გაფართოება შეაჩერა კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ ვინ და რატომ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.




