სეზონური გრიპი

მზადება სეზონური გრიპის მორიგი შემოტევისათვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი წლის ზამთარში მსოფლიოში გრიპით ათ მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება. სეზონური გრიპი სწრაფად ვრცელდება და ზოგჯერ ეპიდემიის ან პანდემიის სახეს იღებს.  დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში მიმდინარეობს. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ბავშვები, ხანშიშესულები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ყოველწლიურად გრიპის ვირუსით ათობით ათასი ადამიანი იღუპება. 

გრიპისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესით იმუნიტეტის გაძლიერებაა. მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვაც – მათ შორის, ხელების ხშირად დაბანა ან სპირტის შემცველი ხელსაწმენდის გამოყენება. 

გარდა ამისა, არსებობს სხვა მეთოდიც: სეზონური ვაქცინაცია – გრიპის მიმართ იმუნიტეტის ხელოვნურად  გამოწვევა.   

გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატებსა და ვაქცინებზე მუშაობა მედიცინის მუშაკებს გამუდმებით უწევთ, რადგან ყოველწლიურად ახალი ვირუსული შტამები წარმოიქმნება. მათ ხშირად ჩვენი იმუნური სისტემა ვერ უმკლავდება. ახლო მომავალში, შესაძლოა, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი, უნიკალური ვაქცინა გამოჩნდეს – ის ორგანიზმს სეზონური გრიპისაგანაც დაიცავს და ისეთი ეპიდემიისაგანაც, როგორიც ფრინველის ან ღორის გრიპია. 

ვირუსის მუტაციას მის ზედაპირზე განლაგებული პროტეინების ცვლილება განაპირობებს. ამიტომ, ამ ახალი ვაქცინის დამზადებისას, მეცნიერებმა ვირუსის შიგნით განლაგებული ცილები გამოიყენეს. ეს ცილები ყველა გრიპის ვირუსის შტამისთვის საერთოა, მუტაცია კი ბოლო 60 წლის განმავლობაში არ განუცდიათ. თუ ტრადიციული სეზონური ვაქცინები ორგანიზმს ანტისხეულების გამომუშავებაში ეხმარება, პროფესორ სარა გილბერტის ვაქცინა ციტოტოქსიური უჯრედების გამრავლებას უწყობს ხელს და იმუნიტეტს აძლიერებს. ამ უჯრედებს შეუძლია ამოიცნოს და გაანადგუროს უშუალოდ ვირუსით დაზიანებული უჯრედები.  

ეს ვაქცინა უკვე გამოცადეს ოქსფორდში. კვლევამ აჩვენა, რომ ის უსაფრთხო და ეფექტიანია. შესაძლოა, ტრადიციული ვაქცინისა და გილბერტის ვაქცინის კომბინაციაც გამოიყენონ. ვარაუდობენ, რომ ვაქცინას 2-3 წელიწადში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წამლის სააგენტოებიც დაამტკიცებენ და გასაყიდად გამოვა. შესაბამისად, მეცნიერებს აღარ დასჭირდებათ 3-4 თვის განმავლობაში იმ გრიპის ვაქცინაზე მუშაობა, რომელიც მხოლოდ ერთ სეზონზე ცირკულირებს. 

ჯერჯერობით, მილიონობით ადამიანს, რომელიც ყოველწლიურად მიმართავს  სამედიცინო კაბინეტებს და გრიპისაგან თავდასაცავად ვაქცინაციას იტარებს,  სეზონური გრიპის ვაქცინის გამოყენება მოუწევს. წლევანდელი ვაქცინა H1N1 ე.წ. ღორის გრიპის საწინააღმდეგო კომპონენტებსაც შეიცავს. როგორც ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, ვაქცინა წელს მოცირკულირე გრიპისაგან პაციენტს 60-70%-ით დაიცავს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ნატა ავალიანის თქმით, ჩვენთან არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი იტარებს სეზონურ ვაქცინაციას. თუმცა, მათი რიცხვი არც ისე დიდია. ცენტრის ხელმძღვანელი ამის მიზეზად საზოგადოების მხრიდან ვაქცინაციის მიმართ უნდობლობას ასახელებს. აქვე აღნიშნავს, რომ ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და წამლის სააგენტოების მიერაა დამტკიცებული, ამიტომ შიშის საფუძველი არ არსებობს. 

განსხვავებული მონაცემები აქვთ კერძო ფარმაცევტულ კომპანიებს. კლინიკური ვაქცინოლოგიისა და იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელისა და კომპანია ჯიპისის მთავარი კონსულტანტის, მანანა აბრამიძის თქმით, წელს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ მაღალი იყო – „ვაქცინები სექტემბრის დასაწყისში შემოვიტანეთ და ოქტომბრის ბოლომდე 100 ათასი დოზა გაიყიდა”. ამჟამად ჯიპისიში სამი დასახელების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაა: ინფლუვაკი (ჰოლანდიური), ვაქსიგრიპი (ფრანგული) და ფლუარიქსი.  

ნატა ავალიანის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წელს სეზონური გრიპის ვაქცინას ონკოჰემატოლოგიურ პროგრამაში ჩართული ბავშვებისთვის, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებისთვის შეიძენს. სურვილის შემთხვევაში კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვაქცინა, ექიმის კონსულტაციის შემდეგ, სააფთიაქო ცენტრში იყიდოს ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრში მივიდეს. ვაქცინის ფასი 25 ლარამდეა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გრიპით ბოლო ორი წლის განმავლობაში 2 ათასამდე ადამიანი დაავადდა და 62 გარდაიცვალა. 

კომენტარები