სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 18 ნოემბერს მოსკოვში მიემგზავრება.
გავრცელებული ცნობით ( რაც საპატრიარქოს წარმომადგენლის განმარტებას ეყრდნობა) უწმინდესი რუსეთის პატრიარქის კირილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პატრიარქი რუსეთში მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრება. ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ერთობლივ წირვას 20 ნოემბერს, მოსკოვში, მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღავლენს.
რუსეთის პატრიარქს 20 ნოემბერს 65 წელი უსრულდება. რამდენიმე დღის წინ მან საბჭოთა კავშირის დანგრევას რუსეთის ისტორიული მარცხი უწოდა. რუსეთის საეკლესიო-სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე რუსეთის პატრიარქმა კირილმა სსრკს-ს რღვევის მიზეზებს შორის რუსეთში ეროვნული თვითშეგნების დაცემა დაასახელა და რუსეთის საზოგადოებას მოუწოდა ზრუნვა ეროვნული თვითშეგნების ზრდაზე , რათა აღარ განმეორდეს ის, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა.




