დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერის დონე რუსეთის მოსახლეობაში 40%-ზე დაბალია. ეს მაჩვენებელი ევროკავშირის ყველაზე სკეპტიკური მაცხოვრებლების, ბულგარელებისა და სერბების განწყობას ემთხვევა - ნათქვამია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უკანასკნელ ანგარიშში.
კვლევა, სახელწოდებით ”კრიზისი და გარდამავალი პერიოდი: როგორ აღიქვამს მათ ხალხი”, 40 ათასამდე ადამიანს მოიცავდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იკვლევს იმ ფაქტორებს, რომლებსაც მოყვა დემოკრატიული და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებისადმი მხარდაჭერის ვარდნა ევროკავშირსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტთა აზრით, გლობალური ეკონომიკური კრიზისმა ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც გამოიწვია დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერის ვარდნა. კრიზისმა ყველაზე მეტად იმ ქვეყნების მოქალაქეთა ხედვაზე იმოქმედა, რომელთაც, ტრადიციულად, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები ქონდათ. იმედგაცრუება, რომელიც კრიზისს მოყვა, აქ უფრო მაღალია, რადგან რეცესია მათი ცხოვრების დონეზე მეტად აისახა.
კვლევის ავტორთა აზრით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში სურათი საპირისპიროა.
შედეგების მიხედვით, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, სამხრეთ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში დემოკრატიის ყველაზე მაღალ მხარდაჭერას ავლენენ თურქეთში, ჩერნოგორიაში, მონღოლეთში, უზბეკეთში, ალბანეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ბელორუსიასა და სომხეთში. სომხეთში უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 28%-ითაა გაზრდილი. ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და სომხეთში დემოკრატიის მხარდაჭერა 80%-ს აღწევს. გამონაკლისია რუსეთი. დემოკრატიის მხარდაჭერის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით დაეცა სლოვაკეთშიც.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 29 ქვეყანაში აფინანსებს პროექტებს, ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე




