ტყიბულის მაღაროში ორი მაღაროელი დაიღუპა

გუშინ, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი მაღაროელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ”საქნახშირი” ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 ნოემბერს, 21 საათსა და 25 წუთზე, შახტის ნომერ მეოთხე მომპოვებელ უბანზე, წმენდით სანგრევში, ჭერი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი სამთო მასივის შერყევა (სამთო დარტყმა) გახდა.

”საქნახშირი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და იუწყება, რომ უბედური შემთხვევის ზუსტ მიზეზს სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ადრეც მომხდარა: 2010 წლის განმავლობაში მაღაროში მომხდარ აფეთქებას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი დაიღუპა 2011 წლის 22 იანვარს მომხდარი აფეთქებისას. უკანასკნელი შემთხვევა კი 9 სექტემბერს მოხდა და მას ერთი მაღაროელი ემსხვერპლა.

 

კომენტარები