ქართული ხელოვნება საზღვარგარეთ

ოლეგ ტიმჩენკო ჩელსის (NY) არტ-სცენაზე

შემოდგომისას მანჰეტენზე, ჩელსიში, საგამოფენო სეზონი პიკს აღწევს. უამრავი მხატვარი, გალერისტი, კრიტიკოსი თუ კოლექციონერი აქ თავმოყრილ 300-მდე გალერეაში ერთ დიდ, ჭრელ არტ-სცენას ქმნის. NY-ის ჩელსი დიდი არტ-ბაზარია, სადაც ახალი სახელები იბადება. ასე რომ, მხატვარი ამ ქაოსის მონაწილე ერთხელ მაინც უნდა გახდეს.

25 ოქტომბერს გალერეა Art Bazaar-ში ოლეგ ტიმჩენკოს პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გალერეა 2009 წლიდან არსებობს ჩელსის ცენტრში 157-ე ავენიუსა და მე-20 ქუჩის კუთხეში და უცხოელ მხატვრებზეა ორიენტირებული. ქართველი მხატვარი აქ In Art Gallery-მ წარადგინა: „პირველად მიმაქვს ნიუ იორკში ნამუშევრები. ევროპის ბევრ ქალაქში გამოვფენილვარ, მაგრამ მეგაპოლისი აქამდე ჩემი ბავშვობის ოცნებად რჩებოდა”, – გვითხრა ნიუ იორკში გამგზავრების წინ მხატვარმა.

ჰააგა, პრაღა, ვენა, ჟენევა, ბერლინი, პარიზი, ბრისტოლი, ბუდაპეშტი – ეს ტიმჩენკოს საგამოფენო რუკაა. გალერეებსა და მუზეუმებს ხშირად ამ ქალაქების ღია სივრცეებიც ენაცვლებოდა, მაგალითად ისე, როგორც 1996 წელს, პრაღაში, როდესაც მისი ცნობილი ტილოს „ოფელიას” მასშტაბური პროექცია კარლის ხიდიდან მდინარე ვლტავაზე გამოისახა. ტიმჩენკოს უყვარს ფეიერვერკების მოწყობა და, ხმამაღალ ნათქვამად თუ არ ჩაითვლება, ახლა ჯერი ნიუ იორკზეა.

ჯერ კიდევ ზაფხულში In Art Gallery-მ ოლეგ ტიმჩენკოს სპეციალურად ნიუ იორკის გამოფენისთვის 30-მდე ტილო დაუკვეთა: „სრულიად შემთხვევით, In Art Gallery-ის წარმომადგენლებს ჩემი ნამუშევრების ელექტრონული ვერსია უნახავთ და სასწრაფოდ დამიკავშირდნენ. მაქსიმალური თავისუფლება მომცეს. მასშტაბური ტილოები გავაკეთე, თემატურად არეული. დრამატულობა, რითაც საერთოდ ცნობილია ჩემი ნამუშევრები, მთლიანად გამოვრიცხე და ნათელი, პოზიტიური ტილოები შევქმენი. გამოფენას Beatles-ის ცნობილი სიმღერის სათაური – Come Together ვუწოდე. ეს მესიჯია ადამიანებისთვის, რომლებსაც ვეუბნები – წამოდით ჩემთან ერთად და შეუერთდით ჩემს ფერად სამყაროს”.

ოლეგ ტიმჩენკოს „ფერად სამყაროს” 25 ოქტომბერს დახურულ გახსნაზე კრიტიკოსები და გალერეის კლიენტები შეუერთდნენ, 26-დან კი გალერეა Art Bazaar-ის კარი ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის გაიღო.

კრიტიკოსები უკვე ალაპარაკდნენ ქართველი მხატვრის „ფერების პულსაციაზე”, რომელიც „აფეთქების ეფექტს ქმნის და ზღაპრის, დღესასწაულის, ფეიერვერკის ილუზიებს გვიქმნის”. მინიმალიზმი კიჩის ელემენტებით, ხან რეალისტური, ხან პლაკატური – ასე დაახასიათეს მათ ტიმჩენკოს ფერწერა. უკვე ეკითხებიან გავლენებსა და მასწავლებლებზე, რაზეც მხატვარი რენესანსის ოსტატების გვერდით განსაკუთრებული ხაზგასმით სერგო ფარაჯანოვს გამოჰყოფს. აღნიშნავენ, რომ „მის ნახატებში გამოსახული ობიექტები და სიმბოლოები, თავიანთი ისტორიულ-კულტურული კონტექსტიდან, მხატვარს თავისსავე შექმნილ ჰიპერრეალისტურ სამყაროში გადაჰყავს და მისი ეს სამყარო სიურპრიზებითაა სავსე”.

ოლეგ ტიმჩენკოს ზღაპრული ჯუჯები, ინფანტები, სფინქსები, სევდიანი ანგელოზები ჩელსის არტ-სცენის ნაწილი გახდა. განსაკუთრებული მოწონებით მისი „რომეო და ჯულიეტა” სარგებლობს. მხატვარი ამბობს, რომ ნიუ იორკიდან შთაგონებული წამოვა, რაც, სავარაუდოდ, მისი „ფერების პულსაციასა და „აფეთქების ეფექტს” ერთიორად გაზრდის.

კომენტარები