გაფრთხილება აშშ-ს მწვანე ბარათის მსურველთათვის

აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს არ ისარგებლონ შუამავლების მომსახურებით "მწვანე ბარათის" ლატარიაში მონაწილეობისას. 5 ნოემბერს, სრულდება იმ მოქალაქეთა განცხადებების რეგისტრაცია, რომელთაც "მწვანე ბარათის" ლატარიის 2013 წლის გათამაშებაში მონაწილეობა სურთ. "მწვანე ბარათი" უფლებამოსილ პირებს შეერთებულ შტატებში ლეგალური იმიგრაციის საშუალებას აძლევს.

"შეერთებული შტატების საელჩო დაბეჯითებით გირჩევთ, განაცხადის შევსებისას არ ისარგებლოთ კერძო საშუამავლო კომპანიების, ან თარჯიმანთა ბიუროების მომსახურებით. ეს კომპანიები ხშირად თაღლითობენ. ლატარიაში მონაწილეობის მსურველს მათი მომსახურება არ სჭირდება. საშუამავლო კომპანიებით სარგებლობის გამო მოქალაქემ, შესაძლოა, ამერიკის ვიზა ვერ მიიღოს. გასულ წელს, საშუამავლო კომპანიების მიზეზით, ლატარიაში მონაწილეობის მსურველებმა დაკარგეს ათასობით დოლარი და მასთან ერთად, ამერიკაში ლეგალურად იმიგრაციის შანსი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ "მწვანე ბარათის" ლატარიაში მონაწილეობა სრულიად უფასოა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ლატარიის შესახებ ა ინფორმაციის ნახვა მსურველებს შეუძლიათ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე - http://georgia.usembassy.gov

 

კომენტარები