ივანიშვილი პოლიტიკაში

ზებრა ანუ წერილები მისი წისქვილიდან

ამ ტექსტის დაბეჭდვის მომენტისთვის, სავარაუდოდ, იგივე თემაზე არაერთი სტატია იქნება უკვე დაწერილი. დიდი ალბათობით, გააანალიზებენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვის ყველა ასპექტს – დაწყებული მისი ბიზნეს საქმიანობითა თუ ქველმოქმედებით, რომელსაც წლების განმავლობაში ეწეოდა, ბოლო დღეებში გავრცელებული განცხადებებით და დამთავრებული საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნიუანსებით. თუმცა მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებელია, შემდეგია: რატომ ხდება, რომ რუსეთის ფედერაციაში წლების განმავლობაში ცხოვრების და იქ დიდძალი კაპიტალის დაგროვების შემდეგ, ადამიანი ჩამოდის საქართველოში, როგორც წესი, კავდება საქველმოქმედო თუ ბიზნესსაქმიანობით, ხოლო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებას იღებს?

ბიძინა ივანიშვილის შემთხვევა არ არის უპრეცედენტო. რამდენიმე წლის წინ, ბადრი პატარკაციშვილის მონაწილეობით, ჩვენ იგივე სიუჟეტი ვიხილეთ. საქართველო ორივემ გასული საუკუნის მიწურულს დატოვა, ორივე წარმატებით მოღვაწეობდა ბიზნესსექტორში რუსეთის ფედერაციაში, რაღაც მომენტში ორივემ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, ორივეს შესახებ არსებობდა მოარული ხმები, რომ ის აფინანსებდა როგორც ხელისუფლებაში არსებულ პოლიტიკურ ძალას, ისე ოპოზიციურ პარტიებს (შერჩევით), ორივე დაკავებული იყო საქველმოქმედო საქმიანობით (საქართველოში), ორივე მათგანი აცხადებდა, რომ არასოდეს დაინტერესდებოდა პოლიტიკით, რამდენიმე წლის შემდეგ კი ორივემ გადაწყვიტა, რომ „მეტის მოთმენა შეუძლებელია” და უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, რათა გადაარჩინოს სამშობლო საბოლოო განადგურებას. მსგავსება თითქმის 100%-იანია, რაც, შესაძლოა, მიგვანიშნებდეს, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის და საქმე სხვა ტიპის პრობლემასთან გვაქვს.
 
უფრო მარტივად რომ დავსვათ კითხვა – რამდენიმე მილიარდის (ვალუტას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს) მფლობელმა ბიზნესმენმა, რომელსაც არასოდეს პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია, რატომ უნდა შეიწუხოს თავი ქართულ პოლიტიკაში გარევით? მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს მათი კომბინაციაც. ეს მიზეზები საინტერესო უნდა იყოს, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალებისთვის, ისე ნებისმიერი სოციალური ინსტიტუტის წარმომადგენლისთვის – იქნება ეს მედია თუ არასამთავრობო სექტორი.
 
მიზეზი პირველი – ბიზნესმენმა პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმა გადაწყვიტა იმის გამო, რომ სახელმწიფო მის ბიზნესს ავიწროებდა. კიდევ უფრო რომ განვმარტოთ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ბიზნესმენმა დაიწყო სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო (მათ შორის მიზანმიმართულად, რადგან „იციან რომ ბევრი ფული აქვს”), გადაწყვიტა საკუთარი ინტერესების დაცვა, პოლიტიკური აქტიურობის დაწყების გზით. ასეთ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, რადგან ზედმეტად მკაცრი საგადასახადო ადმინისტრირების პრობლემაზე არა მარტო ბიზნესწრეების, არამედ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც (პრეზიდენტის ჩათვლით) საუბრობენ. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც პოლიტიკაში ჩაბმის ამგვარ მიზეზს ეჭვქვეშ აყენებს. ეს ადამიანი არის ბიზნესმენი, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საკუთარი საქმიანობის ნებისმიერ გარემოსთან ადაპტაციის უნარს. მეტიც, ის წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებდა ბიზნესის კეთებას რუსეთის ფედერაციაში, სადაც სახელმწიფოს ჩართულობა ეკონომიკაში რეგულაციებისა თუ გადასახადების სახით, და აქედან გამომდინარე, კორუფციის დონე, გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე საქართველოში. თუ მან შეძლო სახელმწიფოსთან ურთიერთობების დარეგულირება რუსეთის ფედერაციაში, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში 123-ე ადგილზეა, შეიძლება დავიჯეროთ, რომ ვერ მოახერხა ამის გაკეთება საქართველოში, რომელიც იგივე რეიტინგში მე-12 ადგილზეა? სხვაობა იმდენად დრამატულია, რომ აზრი ეკარგება იმაზე მსჯელობას, თუ რამდენად სანდოა ხსენებული რეიტინგი. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოუდგენელია ბიზნესმენს ასეთი ტიპის პრობლემა შეექმნას – უბრალოდ მიუთითებს, რომ ამის ალბათობა რუსეთში გაცილებით უფრო მაღალია (და ალბათ 100%, როდესაც მილიარდობით დოლარზეა საუბარი).
 
მიზეზი მეორე – სახელმწიფოს მხრიდან ამ ბიზნესმენებისთვის გარკვეული პრეფერენციების მინიჭებაზე უარის თქმა. შევეცდები განვმარტო – სოლიდური კაპიტალის მფლობელი ბიზნესმენი, პოტენციური ინვესტიციის სანაცვლოდ, სახელმწიფოსგან გარკვეულ პრივილეგიას ითხოვს, რაზეც იღებს უარს და განაწყენებული  გადაწყვეტს, მმართველ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკური ბრძოლა გამოუცხადოს. მაგალითად, თუ  მაქვს რამდენიმე მილიარდი (რომელიმე კონვერტირებადი ვალუტა), მივდივარ სახელმწიფოსთან და ვთავაზობ 10 მილიონის ინვესტირებას სასათბურე მეურნეობების მოწყობაში, ოღონდ იმ პირობით, რომ მსგავსი ბიზნესის კეთების უფლება მარტო მე მექნება. ან ვთავაზობ რომელიმე ე.წ. სტრატეგიული ობიექტის შესყიდვას საბაზრო ღირებულებაზე 5-ჯერ ნაკლებ ფასად, იმ პირობით, რომ მომავალში ამ ობიექტში 10-ჯერ მეტ ინვესტიციას გავაკეთებ. ცხადია, მაგალითები ჰაერიდან მოტანილია, თუმცა შესაძლო რეალობისგან, ალბათ, არც ისე დაშორებული. ბუნებრივია, ასეთი წინადადების გაკეთების დროს რამდენიმე მილიარდის ქონა მნიშვნელოვანი ბერკეტია, განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში, როცა ქვეყანა იძულებულია ორიენტირებული იყოს მაქსიმალურად მეტი თავისუფალი კაპიტალის მოზიდვაზე. აქვს ასეთ ვერსიას არსებობის უფლება? ჩემი აზრით, აქვს. ბიძინა ივანიშვილი პირველ განცხადებაში ამბობს, რომ მას სურდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტში 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება (ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა თავად ამ პროექტის ეგზოტიკური დეტალები) და ამ წინადადებით სამჯერ მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს. თუმცა უარი მიიღო. დიდი ალბათობით, ის ამ ინვესტიციის სანაცვლოდ, სახელმწიფოსგან რაღაცას ითხოვდა. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, ერთი მხრივ, რატომ უნდა მიმართო პრეზიდენტს ასეთი წინადადებით (თუ ინვესტირება გინდა, გააკეთე, რა შუაშია პრეზიდენტი), ხოლო მეორე მხრივ, რატომ (ან როგორ) უნდა დაგიშალოს ქვეყნის პირველმა პირმა ბიზნესში ასეთი ოდენობის თანხის ჩადება; განსაკუთრებით ისეთ რეალობაში, როდესაც დროის ნებისმიერ მომენტში მთავრობის წევრთა, სულ მცირე, მეხუთედი ქვეყნის გარეთ შეხვედრებს მართავს ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
 
მიზეზი მესამე – კრემლის დავალება. ბიზნესმენი ასრულებს დაკვეთას, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებიდან მიიღო და მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას (ის, რაც საბოლოო ჯამში რუსეთს აინტერესებს ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით). ეს, შესაძლოა, ხდებოდეს იძულებით – თუ, მაგალითად, სპეცსამსახურები პრობლემებს შეუქმნიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ (დარჩენილ) ბიზნესინტერესებს; ან ნებაყოფლობით – საქართველოს პოლიტიკური ვექტორის შეცვლის სანაცვლოდ (ან თუნდაც განვითარების გზაზე დაბრკოლებების შექმნის მაგივრად) კრემლის მხრიდან დამატებითი კაპიტალის შეთავაზების გზით; ანაც, თავის დაზღვევის მიზნით – იმ პირობებში, როცა პუტინი ბრუნდება და ევრაზიული (საბჭოთა) კავშირის შექმნა სურს – რუსეთის ლიდერისთვის საძულველი რეჟიმისგან დისტანცირება რაციონალურად გამოიყურება.
 
ამ ვერსიის დამაჯერებლობას ზრდის თავად ივანიშვილის მიერ ერთ-ერთ განცხადებაში მოყვანილი, პოლიტიკური აქტიურობის დაწყების მიზეზები. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მას სურს დაუპირისპირდეს საქართველოში გამეფებულ ტოტალიტარულ რეჟიმს და პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერ-მინისტრის რანგში იზრუნოს დემოკრატიის განვითარებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქეობამდე დიდი ხნით ადრე იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, და წლების განმავლობაში არ შეუწუხებია დემოკრატიის დაბალ ხარისხს ამ სახელმწიფოში, ნაკლებად სავარაუდოა, მისთვის ასეთი ტიპის ფასეულობებს საერთოდ რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. შეუძლებელია ხმას არ იღებდე, როდესაც რუსეთში ჟურნალისტებს იტაცებენ და ხვრეტენ, ან ბიზნესმენებს ციხეში სამუდამოდ სვამენ, კლავენ და კომპანიებს ართმევენ, და შემდეგ ყოვლად მოულოდნელად იწყებდე საქართველოში მედია ან ბიზნესგარემოს კრიტიკას. ლიბერალური ფასეულობები ან გაქვს გასისხლხორცებული და სახელმწიფოს მხრიდან მათ ხელყოფას ვერსად ეგუები ან არ გაქვს. რუსეთში ცხოვრების დროს, უამრავი განადგურებული ადამიანის სიცოცხლე არ გაღელვებდეს და საქართველოში დემონსტრანტის ცემა (თუნდაც გადამეტებული) სისხლს გიდუღებდეს – წარმოუდგენელია. „ეთნიკურად ქართველია და ამიტომ მხოლოდ ქართველების ბედი ადარდებს” ამ შემთხვევაში არგუმენტად არ გამოდგება – საუბარი ლიბერალურ ღირებულებებზე და დემოკრატიაზე იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ეთნიკურ თვითშეგნებას სამოქალაქოზე წინ აყენებს, უბრალოდ სასაცილოა.
 
მიზეზი მეოთხე – სამშობლოს სიყვარული. ანუ საქართველოში დაბრუნებული ბიზნესმენი ვერ ეგუება უბედურ მდგომარეობაში ჩაგდებულ მშობლიურ მიწას და გადაწყვეტილებას იღებს, დამნაშავე ხელისუფლებას პოლიტიკურ ბრძოლაში გაუსწორდეს. მიმზიდველად ჟღერს. განსაკუთრებით ყოველმხრივ გაკოტრებული კვაზიპოლიტიკური ჯგუფებისთვის თუ ერთკაცა პარტიებისთვის. ასევე ყველა იმ გაჭირვებული ადამიანისთვის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რამდენად არარეალურია ერთ ან ორ წელიწადში ეკონომიკური სასწაულის მოხდენა და ბრმად ელის მხსნელის გამოჩენას, რომელიც მას ცხოვრებას გაუადვილებს. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის პატრიოტულ გრძნობებში ეჭვი ბევრს არ ეპარებოდეს. უამრავი სხვადასხვა ტიპის პროექტი, რომელთაც ის წლების განმავლობაში საქართველოში აფინანსებდა, ამის ნათელ დადასტურებად შეიძლება ჩავთვალოთ. სამშობლოს სიყვარულია, როდესაც ამ ქვეყანაში აკეთებ ბიზნესს, ასაქმებ ადამიანებს, უჩენ მათ შემოსავალს, შემოგაქვს ახალი ტექნოლოგიები, ზრდი კვალიფიციურ კადრებს სხვადასხვა სფეროში და ა.შ. ასევე სამშობლოს სიყვარულია, როდესაც ეხმარები გაჭირვებულ ადამიანებს ან საკუთარ ფულს ხარჯავ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამაზე არავინ დავობს. კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც ბიზნესმენი ყველაფერ ამას თვლის არასაკმარისად და არატრადიციული ფორმით (განცხადებების გამოქვეყნებით) იწყებს პოლიტიკურ აქტიურობას. 
 
ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რამდენად სანდოა მისი მოტივაცია  –  ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ლიბერალიზმის დამცველად მყისიერი ტრანსფორმაცია არ ჟღერს მაინცდამაინც დამაჯერებლად, მით უმეტეს, რომ ოლიგარქი არც შევარდნაძის პერიოდში აუღელვებია ქართული დემოკრატიის ხარისხს იმდენად, რომ პოლიტიკური საქმიანობა დაეწყო. ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადებების ტონი, სადაც ის შეურაცხყოფას აყენებს და ჭკუას ასწავლის პრაქტიკულად ყველას, ვისაც კი ახსენებს, იქნება ის ხელისუფლების, ოპოზიციის თუ მედიის წარმომადგენელი. განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობა, შესაძლოა, ძალიან ეფექტური იყოს მსხვილი ბიზნესის მენეჯმენტის პროცესში, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება, ლიბერალიზმის პრინციპებთან შეუთავსებელია. 
მიზეზი მეხუთე – ოლიგარქმა მოიწყინა და პოლიტიკური პარტია კიდევ ერთი ზებრაა მის კოლექციაში. ანუ, ის უბრალოდ ერთობა.
 
მეტ-ნაკლები ალბათობით, ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების გამომწვევი – თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. მეტიც, შესაძლებელია, ამ მიზეზთა თანხვედრას ჰქონდეს ადგილი. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ახალი პოლიტიკური სახის ცნობიერებაში სამშობლოს სიყვარული და კრემლის ინტერესები შეიძლება სულაც არ ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს ანუ მას უბრალოდ სურდეს ისეთი საქართველოს „აშენება”, როგორიც მისი მსოფლმხედველობისთვის არის მიმზიდველი (აქედან ტერმინი „ქართული ოცნება”). თუმცა საეჭვოა, ასეთ ქვეყანას ლიბერალურ დემოკრატიასთან რაიმე საერთო ჰქონდეს. ამიტომ, საკითხავი არა მხოლოდ ის არის, უყვარს თუ არა ბიძინა ივანიშვილს სამშობლო, არამედ ისიც – რა ტიპის ქვეყნად წარმოუდგენია მომავალში. 
 

კომენტარები