ქეცბაიას ნაკრები

ჯვაროსნების პრესტიჟის მატჩი

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ჯვაროსნები ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს გამართავენ. თამაში 21 საათზე დაიწყება.

სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრას საბერძნეთის ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ქართველებისათვის კი არავითარი. ელადელების წაგებისა და ხორვატების მოგების შემთხვევაში ქვეჯგუფში პირველ ადგილზე ეს უკანასკნელნი გადიან. აქედან გამომდინარე ჯვაროსნების დღევანდელი მოწინააღმდეგე თუნდაც ქულის ასაღებად ყველაფერს გააკეთებს. ამით ისინი პირდაპირ გაინაღდებენ პოლონეთ-უკრაინის ევროპირველობის საგზურს.

რაც შეეხება ჩვენს ამოცანას. პირველ რიგში მოგებით ამ ეტაპს შედარებით კარგ განწყობაზე დავასრულებთ. რაც მთავარია, ზედიზედ ხუთმატჩიან მოგებელ სერიას შვწყვეტთ. ამასთან ერთად, უშუალოდ ბერძნების წინააღმდეგ არსებულ საშინელ სტატისტიკასაც გამოვასწორებთ. დღემდე ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან მათთან ხუთჯერ დავმარცხდით და მხოლოდ ამ შესარჩევ ციკლში მოვახერხეთ მატჩის ფრედ დასრულება.

სულ ბოლოს კი ჩვენი წარმატებისა და ლატვიელების წარუმატებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობას მეოთხე ადგილზე დაასრულებს. ერთი სიტყვით, ესაა ერთგვარი პრესტიჟის მატჩი. წინა შესარჩევ ციკლებში ჯვაროსნები ასეთ მატჩებში თითქმის ყოველთვის ახერხებდნენ კუდის მოქნევას.

 

კომენტარები