ქეცბაიას ნაკრები

ტკბილი მოგონებების შიში

„დამთავრდა ეს შესარჩევი, რომელიც მთლიანობაში რომ ავიღოთ, წარმატებული გამოდგა”, – საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ამ სიტყვებმა საბერძნეთთან წაგების შემდეგ საკონფერენციო დარბაზში შეკრებილები ძალიან გააკვირვა.
და როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ რას გულისხმობდა წარმატებაში, ქვეყნის პირველი გუნდის თავკაცმა დააკონკრეტა: „რაც აქამდე ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა და რა დღეში იყო ნაკრები, იმის ფონზე ვამბობ, თორემ საქართველოს ტიტული არ მოუგია”.

ვერ გეტყვით, რამ აფიქრებინა თემურ ქეცბაიას, რომ ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენი გუნდისთვის წარმატებული გამოდგა ან რატომ სჯობს ამ შესარჩევში მოპოვებული 10 ქულა თუნდაც იმავე ევრო 2008-ის საკვალიფიკაციოში დაგროვილ ქულათა ზუსტად იგივე რაოდენობას. გასაგებია, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე არგენტინელი სპეციალისტის ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილმა გუნდმა სამხრეთ აფრიკა 2010-ის შესარჩევში.

ისიც გავიგეთ, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა მთავარმა გუნდმა 2010 წელი წაგების გარეშე დაასრულა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მაგრამ მერე რა?

როდემდე უნდა ითხოვდეს ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ხალხი – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულის თავკაცი – ძველი დამსახურებისთვის მედლებს და სადღეგრძელოებს?

მოდით, თავი დავანებოთ კუპერის ნაკრების საშინელ შედეგს, გნებავთ ტოპმიოლერს და მის გუნდს. თავი დავანებოთ იმიტომ, რომ წარსულია.
ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ შარშანდელი 10-მატჩიანი წაუგებელი სერიით ტკბობა და გულახდილად ვთქვათ: იყო თუ არა წარმატებული ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ციკლი?

ჩვენთვის ყველაზე ნათელ პასუხს იმ ჯგუფის ცხრილი იძლევა, სადაც ეროვნული კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის მერამდენედ შერცხვა: თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ნაკრები 6-გუნდიან ჯგუფში ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე გავიდა!

ამას კი „შესარჩევი წარმატებული გამოდგა” ნაღდად არ ჰქვია!

რატომ სჯობს 6-გუნდიან ჯგუფში დაკავებული მე-5 ადგილი 7-გუნდიანი ჯგუფის მე-6 ადგილს?

კლაუს ტოპმიოლერის ნაკრებმა ავსტრია-შვეიცარია 2008-ის შესარჩევში მხოლოდ ფარერის კუნძულებს აჯობა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა პოლონეთ-უკრაინა 2012-ის საკვალიფიკაციოში – მხოლოდ მალტას.

ტოპმიოლერის ფორმაციის ნაკრებმა მაჩანჩალა კუნძულელებს ორივე შეხვედრაში სძლია: სტუმრად 6:0, შინ 3:1.

ქეცბაიას გუნდმა მალტას, რომელიც ასევე კუნძულია, შინ ბოლო წამებზე გატანილი გოლით აჯობა 1:0, სტუმრად კი ქულები გაუყო – 1:1.

ეს ორივე მაჩვენებელი კატასტროფა არ არის?

ორივე საკვალიფიკაციო ციკლს ჩავარდნა თუ არა, აბა რა ვუწოდოთ?

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კარსმომდგარი ევროპირველობის შესარჩევი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა – ეს ჩავარდნა იყო – და ამას რაც მალე გაიაზრებს და შეიგნებს თავად ქეცბაია, მისი გარემოცვა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის ყველა ჩინიანი თუ უჩინო, საერთო საქმეს მით უფრო წაადგება.

და თუ მწვრთნელებს და სფფ-ს მაღალჩინოსნებს ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოში ჩვენი მთავარი გუნდის ასპარეზობის ზუსტი შეფასება გაუჭირდებათ ან დაეზარებათ და სათანადო დასკვნებსაც არ გააკეთებენ, ვეჭვობთ, რომ მალე „ქეცბაიას ნაკრების 2010 წლის დაუმარცხებელი სერია” ისეთივე გამაღიზიანებელ ტკბილ მოგონებად იქცევა, როგორც დღეს, 30 წლის შემდეგ, 1981 წლის 13 მაისია.

ყველაზე მეტად სწორედ ეს გვაშინებს.
 
იცოდით?

საქართველოს ნაკრებმა გაიტანა 7 გოლი – საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე 51 გუნდს შორის ეს 37-ე შედეგია. ასევე 7 გოლი გაიტანეს
კვიპროსმა (8 მატჩი), სლოვაკეთმა (10) და ალბანეთმა (10). ასე ცოტა გოლი ჩვენ გუნდს ევროშესარჩევებში არასდროს გაუტანია.
საქართველოს ნაკრებმა გაუშვა 9 გოლი – საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე 51 გუნდს შორის ეს მე-18 შედეგია. ასევე 9 გოლი გაუშვა
რუმინეთმა (10), რომელიც მესამე ადგილზე გავიდა. ასე ცოტა გოლი ჩვენ გუნდს ევროშესარჩევებში არასდროს გაუშვია.
საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩში ერთხელაც ვერ მოახერხა ერთზე მეტი გოლის გატანა.
საქართველოს ნაკრებმა არ წააგო ერთ ბურთზე მეტი სხვაობით.
საქართველოს ნაკრებმა საწყის 5 ტურში 9 ქულა დააგროვა (2 მოგება, 3 ფრე), ბოლო 5 ტურში – 1 (ფრე, 4 წაგება).
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებში 1994-2011 წლებში 50 მატჩი ჩაატარა: 13 მოგება, 8 ფრე, 29 წაგება. ბურთები: 53-73.

ეროვნული ნაკრები ევრო 2012-ის შესარჩევში

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (8 თამაში, -6 გოლი), გიორგი ლორია (2, -3)
მცველები: კახა კალაძე (10), ზურაბ ხიზანიშვილი (9), ალექსანდრე ამისულაშვილი (8), ლაშა სალუქვაძე (5), მალხაზ ასათიანი (4), უჩა ლობჟანიძე (4), გურამ კაშია (4), დავით კვირკველია (4), აკაკი ხუბუტია (3), გია გრიგალავა (2)
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (9, 1), ჯანო ანანიძე (7), ჯაბა კანკავა (6, 2), ბუბა დაუშვილი (5), გოგიტა გოგუა (5), დავით თარგამაძე (3, 1), შოთა გრიგალაშვილი (3), გიორგი მერებაშვილი (3), თორნიკე აფციაური (1), ალექსანდრე კოშკაძე (1), სანდრო კობახიძე (1)
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (10, 1), ლადო დვალიშვილი (8), დავით სირაძე (7, 2), ოთარ მარცვალაძე (5), სანდრო გურული (1), ნიკა გელაშვილი (1), ლევან მჭედლიძე (1) 
 

კომენტარები