გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და...” ალბათ ბევრს აღარ ემახსოვრება შავ სცენაზე, მუქ მაისურსა და ცისფერ ჯინსებში გამოწყობილი ერთი კაცის შოუ. თვალებანთებული აუდიტორიის წინაშე, ის თითქოს ზღაპრული სამყაროდან, ახალ, „დაუჯერებელ” ელექტრონულ მოწყობილობას აჩენდა. ერთხელ ამ კაცმა განმარტა, რომ ყველა კომპიუტერი „რიცხვებით თამაშობს”, თუმცა ამის სწრაფად გაკეთება საკმარისია, რომ ეს საოცრებად ჩაითვალოს. 56 წლის ჯობსი მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ ეს საოცრება, ელეგანტური დიზაინის მქონე და მარტივად მოსახმარ პროდუქტად ექცია.
სტივ ჯობსზე მომავალში ბევრი დაიწერება. ბუნებრივია, უმრავლესობა აქცენტს მის დიდ წარმატებაზე გაამახვილებს. თუმცა, უკეთესია, იმ სირთულეებზე ვისაუბროთ, რომელმაც ეს ადამიანი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეწარმედ აქცია.
სილიკონის ველზე ჯობსმა სხვებზე მეტი წარუმატებლობა იწვნია. თუმცა, მიუხედავად მარცხისა, იგი დიდი მეწარმისთვის შესაფერისად მოიქცა: საკუთარ შეცდომებზე ისწავლა.
ჩვენს ეპოქაში, ძალიან ბევრ კორპორაციას შეუძლია, მომხმარებელი მისთვის სასურველი პროდუქტით უზრუნველყოს. სტივ ჯობსმა კი ხალხს ისეთი პროდუქტი შესთავაზა, რომლის საჭიროების შესახებ მათ არც კი იცოდნენ, შემდეგ კი ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახადა. დღეს Apple-ი, საბაზრო ღირებულების მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიაა. მისი პროდუქტები კი – iPod-ი, iPad-ი, iPhone-ი, Macintosh-ი – მილიონობით მომხმარებლისათვის საკულტო საგნებად ითვლება.
ბოლო დღეებში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, Apple-ის მაღაზიების გარეთ ადამიანები სანთლებსა და ყვავილებს ტოვებდნენ. სტივ ჯობსის სიკვდილისადმი ხალხის რეაქცია ამტკიცებს, რომ ჯობსი უბრალოდ ჭკვიანი ფულისმკეთებელი არ იყო.
ტექნოლოგი ჯობსი ინჟინერი არ გახლდათ და სწორედ ეს აღმოჩნდა მისი მთავარი სიძლიერე. სტივს პროდუქციის დიზაინი და ესთეტიკა იტაცებდა, რის გამოც შეეცადა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება გაემარტივებინა. კონკურენტი კომპანიები ცდილობდნენ მისთვის მიებაძათ. ეს კი დანარჩენი კორპორაციული სამყაროსთვის მტკივნეული იყო.
თუ სიცოცხლეში ის მუდმივად უპირისპირდებოდა დიდ კომპანიებს, სიკვდილის შემდეგ, ამ უკანასკნელთა წარმომადგენლები თანამედროვეობის უდიდეს აღმასრულებელ დირექტორად მოიხსენიებენ. ეს გარკვეულწილად ჯობსის ტალანტიდანაც გამომდინარეობს: შოუმენი, სტრატეგიული ხედვა, გასაოცარი ყურადღება დეტალებისადმი და მენეჯმენტის დიქტატორული სტილი, რაც ბევრ უფროსს შეშურდებოდა. თუმცა, ვერტიკალურმა იერარქიამ საბოლოოდ ისეთი მექანიზმი შექმნა, რომლის წარმატებით მართვა, კომპანიის სხვა ნიჭიერ თანამშრომლებს სავარაუდოდ გაუჭირდებათ.
მსოფლიო იშვიათად „იცვლება” – ის შეიცვალა მაშინ, როდესაც, ათასწლეულების წინ, წვეტიანი ქვით სხვა ქვებისგან იარაღისთვის საჭირო ფორმების მიღება დაიწყეს. შეიცვალა მაშინაც, როცა ტომას ედისონმა ელექტრონათურა გამოიგონა. ელექტროენერგიის გარეშე არ იარსებებდა არც Apple-ი და არც ბევრი სხვა, Apple-ის მსგავსი მოწყობილობა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჯობსის ინოვაციების გარეშე სამყარო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, ან ტექნოლოგიები პროგრესს აღარ განიცდიდა. მაგრამ, რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ საყოველთაოდ ცნობილი პროექტების ხელმძღვანელობამ სტივ ჯობსი 21-ე საუკუნის გამორჩეული ადამიანების სიაში მოახვედრა და, ფაქტობრივად, მითიურ პერსონაჟად აქცია.
მომზადდა Economist-ის მასალის გამოყენებით





