სომხეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში , საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სიტყვა წარმოთქვა ერევანში, როდენის ქანდაკების გახსნის ღონისძიებაზე. როდენის მეგობრის, ჟიულ ბასტიენ ლეპაჟის ნამუშევარი საფრანგეთმა სომხეთს დამოუკიდებლობის მეოცე წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა. ძეგლის გახსნისას , თავის გამოსვლაში ,სარკოზიმ თქვა, რომ სომხეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება იცხოვრონ მშვიდობის პირობებში, სომეხმა ახალგაზრდებმა კი უნდა იპოვონ ახალი და ახალი გზები მსოფლიოში. საფრანგეთის პრეზიდენტი შეეხო მთიანი ყარაბაღის პრობლემას და განაცხადა, რომ საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მზად არიან გამოიჩინონ ძალისხმევა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოსაწესრიგებლად. ” მე ეს სამშვიდობო გზავნილი მიმაქვს ბაქოშიც,”- თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ერევანში. ნიკოლა სარკოზი შეეხო მე-20 საუკუნის დასაწყისის ტრაგედიას, სომხების გენოციდის თემას და გაიხსენა, რომ საფრანგეთმა სომეხი ხალხისთვის გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ზუსტი სახელი - გენოციდი - უწოდა. ” მე აქ ვარ იმისთვის, რომ მივმართო თურქეთს ჩაიხედოს თავის ისტორიაში” - ავრცელებს სომხეთის მედია ნიკოლა სარკოზის ამ სიტყვებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ერევნიდან მოუწოდა თურქეთს ”გენოციდად” აღიაროს პირველი მსოფლიო ომის დროს ჩადენილი და განაცხადა, რომ თუ თურქეთი არ გადადგამს ამ ნაბიჯს, შესაძლოა გამოვიდეს გენოციდის უარყოფის დანაშაულად გამოცხადების ინიციატივით. სომხეთი აცხადებს, რომ 1,5 მილიონი სომეხი შეიწირა გენოციდმა ოსმალეთის იმპერიაში, თურქეთი ამ ციფრს არასწორად მიიჩნევს და უარყოფს გენოციდის ბრალდებას.
გავრცელებული ცნობებით, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ნიკოლა სარკოზი დააჯილდოვა დიდების ორდენით - სომხეთსა და საფრანგეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი და ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაში გაღებული წვლილის გამო.
სარკოზის კავკასიური ტურნე




