რუსეთის ბაზარი

ქართული ღვინო და ბორჯომი რუსეთის ბაზარზე ბრუნდება?

ქართული ღვინო და ბორჯომი რუსეთის ბაზარზე შესაძლოა წლის ბოლომდე დაბრუნდეს, - ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ 1 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, ამ პროდუქტების რუსულ ბაზარზე დაბრუნება მთლიანად დამოკიდებულია ქართველი მწარმოებლების მიერ რუსული მხარის მოთხოვნების შესრულებაზე. კომპანია ბორჯომის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. კომპანიაში აცხადებენ, რომ  „ბორჯომის მინერალური წყალი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს, რუსეთისა და ევროგაერთიანების ყველა რეგულაციასა და მოთხოვნებს. კომპანიას გააჩნია ყველა სათანადო ტექნოლოგიური ბაზა და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რათა განაახლოს მიწოდებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, თუკი საქართველოსა და რუსეთის სათანადო უწყებებს შორის მოხდება შეთანხმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”. ონიშენკოს განცხადებით, ქართული პროდუქტების რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პროცესში უკვე გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები - რამდენიმე დღის წინ ქართული ღვინის კომპანიების ინიციატივით შეხვედრა შედგა რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურთან  (Роспотребнадзор). ქართული ღვინის კომპანიებში კი აცხადებენ, რომ ასეთი შეხვედრის შესახებ არაფერი სმენიათ.

ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთის ბაზარზე გაყიდვა 2006 წლიდან არის აკრძალული. 

კომენტარები