ხსოვნა

სექტემბერს ქართველი კათოლიკე მღვდლის, მიქელ თამარაშვილის, გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით ტაბულა აკაკი ბაქრაძის 1994 წელს გამოქვეყნებულ წერილს აქვეყნებს.

მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ქართველს, თუ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი არ არის, ქართველად არ მიაჩნია. კათოლიკე ქართველს ფრანგს ეძახის, გრიგორიანელ ქართველს – სომეხს, მუსლიმ ქართველს – თათარს. ამას სჩადის არა მარტო წერა-კითხვის უცოდინარი ქართველი, არამედ, ხშირად, ნაირნაირი სამეცნიერო ჩინ-მედლით აღჭურვილიც. ამ კარგა ხნის წინათ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მეთაურმა გულწრფელად თქვა – „ქართველობა და მართლმადიდებლობა ჩვენთვის იდენტური ცნებაა”.

ამგვარმა შეგნებამ ჩვენი ერთიანი ეროვნული ცნობიერების დაშლა გამოიწვია. ხოლო ერთიანი ეროვნული ცნობიერების დაშლა რა დიდი უბედურების მომტანია, ამას ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ისედაც ნათელია ყოველი ჭკუათმყოფელი ადამიანისათვის.

იმათ შორის, ვინც ქართული ეროვნული ცნობიერების გამთლიანებისათვის იბრძოდა, ერთი მეტად საპატიო ადგილი მიქელ თამარაშვილსაც უჭირავს.

მიქელ თამარაშვილი საყურადღებო პიროვნებაა არა მარტო მეცნიერული შემოქმედებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. დაიბადა 1858 წლის სექტემბერში ახალციხეში. რა თვეშიც დაიბადა, იმავე თვის თხუთმეტში (ახალი სტილით) დაიხრჩო ტირენიის ზღვაში, სოფელ სანტა-მარინელასთან. ეს 1911 წელს მოხდა რომის ახლოს. სხვის გადასარჩენად გადაეშვა აბობოქრებულ ზღვაში. ის უცნობი კი გადაარჩინეს, მაგრამ თვითონ დაიღუპა.

მიქელ თამარაშვილი ღარიბი ოჯახის შვილი იყო, მამით ობოლი. მხოლოდ ოცი წლისამ მოახერხა სწავლას საფუძვლიანად შედგომოდა.

კონსტანტინეპოლში, პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ კათოლიკურ სასულიერო სასწავლებელში რომ მიდიოდა, ძმა მისტიროდა – ნუ წახვალ, უშენოდ შიმშილით დავიხოცებითო.

არც მერე შეუწყვეტიათ ჩივილი და წუწუნი ნათესავ-ახლობლებს.

დედა ევედრებოდა – შვილო, ერთი კაბაც არ მაცვია, იქნებ დამეხმაროო.

და შესჩიოდა – თუ ძმობა გწამს, როგორმე ეს ორი ქალი გამიზარდე... ისე ხელმოკლედ ვარ, მოჯამაგირეობით ვირჩენო თავს...

მეზობლები ატყობინებდნენ – შენი ძმა გრიგოლი ლოგინად ჩავარდა. საწყალს წამლის ფულიც არა აქვსო.

სიძე, დის ქმარი, შეიშალა. ოჯახი მიატოვა და სადღაც გადაიხვეწა.

რა ექნათ, უჭირდათ და მზრუნველს ეძებდნენ. რაკი მიქელი საზღვარგარეთ იყო, ეგონათ, მასზე მეტად ვინ დაგვეხმარებაო, და შველას ემუდარებოდნენ. ისიც, რითაც შეეძლო და როგორც შეეძლო ხელს უმართავდა.

სიდუხჭირე და სიღატაკე სიკვდილამდე არ მოსცილებია. და მაინც სამეცნიერო საქმიანობა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია. იტალიის წიგნთსაცავებსა და არქივებში ეძებდა საბუთებს, მასალას ქართული კათოლიკობის ისტორიისათვის.

მე-19 საუკუნეში (ცხადია, დღესაც) ამ დოკუმენტების შეგროვებას, მით უმეტეს, მის ახსნა-განმარტებას, კომენტირებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინ ქართულ კათოლიკობას ორი მხრიდან უტევდნენ. ერთი მხრივ რუსული მართლმადიდებლობა, რომელსაც საერთოდ კათოლიკობა თავის დაუძინებელ მტრად მიაჩნდა, ცდილობდა ქართული კათოლიკობის მოსპობას, ხოლო მეორე მხრით, სომხური კათოლიკობა, გულმოდგინედ იბრძოდა იმისათვის, რომ ქართველი კათოლიკეები სომხური კათოლიკური ეკლესიის წიაღში შეეყვანა და სომხებად გამოეცხადებინა. გაუქმებული ქართული ეკლესია ამ ბრძოლაში მეტად უღონოდ და უსუსურად გამოიყურებოდა. ყველაფერი დამოკიდებული იყო ცალკეული ქართველი მოღვაწის თავდადებულობასა, ენერგიასა და გონიერებაზე.

ასეთ ვითარებაში მიქელ თამარაშვილის წიგნის გამოქვეყნებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” თავდაცვისა და შეტევის მახვილი იყო არა მარტო ქართველი კათოლიკეების ხელში, არამედ მთელი ქართველი ხალხის ხელში.

ამ წიგნით საფუძველი ეყრებოდა საქართველოს ისტორიის შესწავლას ახალი კუთხით, კათოლიკური ეკლესიის კუთხით. ამ მიმართულებით კვლევა-ძიება დღესაც გრძელდება და ძველს ახალ-ახალი დოკუმენტები ემატება.

ამ წიგნით შევიტყვეთ უთუოდ და უთუმცაოდ, რა საქმიანობას ეწეოდა ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოსა და სომხეთში, მსოფლიო კათოლიკური ეკლესია. ქართული კათოლიციზმი და სომხური კათოლიციზმი სხვადასხვა მოვლენებია. მათი ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ვინც ამას აკეთებს, იგი შეგნებულად ეწევა ისტორიის ფალსიფიკაციას.

ამ წიგნმა დაგვანახა, რომ პოლიტიკაში ქართული სამეფო კარის დასავლურ ორიენტაციას დიდი ხნის ისტორია აქვს. თუ უფრო ადრე არა, ლაშა-გიორგის დროიდან მაინც იწყება იგი. ეს კი იმას მოწმობს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ნათლად ხედავენ ისტორიულ პროცესს – როგორ იკვრება თანდათან საქართველოს გარშემო ისლამური ჯაჭვი. ეძებენ ამ ჩიხიდან გასასვლელს.

ამ წიგნმა გვაჩვენა ისიც, რომ რომი, ანუ მსოფლიო კათოლიციზმის ცენტრი, დაინტერესებულია ამიერკავკასიით, კერძოდ საქართველოთი, და ცდილობს მტკიცედ მოიკიდოს ფეხი აქ. თუ ქართველი პოლიტიკოსები გონივრულად გამოიყენებენ ამ ინტერესს, შესაძლებელია საქართველომ თავი დააღწიოს ბევრ მოსალოდნელ უბედურებას.

ამ წიგნის საშუალებით საქართველოს ისტორიის ბევრი ბუნდოვანი საკითხი გაირკვა. ბევრი ქართული პოლიტიკური თუ სასულიერო მოღვაწის საქმიანობას მოეფინა ნათელი.

ამ წიგნით... თუმცა აღარ გავაგრძელებ, რადგან ქართველთა ცხოვრებით დაინტერესებულმა ყოველმა მოქალაქემ თავად უნდა წაიკითხოს იგი, გულმოდგინედ და გულისყურით. დღევანდელი ვითარებისათვისაც იპოვნის პასუხს, რადგან ძველთა ძველი პრობლემა, ძველთა ძველი თავსატეხი კითხვა – ევროპა თუ რუსეთი – ისევ დგას ცოცხლად ქართული სახელმწიფო პოლიტიკის წინ. დარწმუნებული ვარ, ვინც იცნობს კარგად მიქელ თამარაშვილის სამეცნიერო შემოქმედებას, მისთვის კითხვის პასუხი ნათელია. საქართველომ ევროპული გზით უნდა იაროს, თუ სურს თავი დააღწიოს მარადიულ ჩამორჩენილობას, გახდეს თანამედროვე განვითარებული კაცობრიობის სრულუფლებიანი წევრი. თუ უნდა იყოს კულტურული, განათლებული და კეთილმოწყობილი, ზნეობრივად ამაღლებული და ნივთიერად მდიდარი. სხვა გზა არ არის. სხვა გზა ჩვენ ისევ ჩიხში შეგვიყვანს. თუ ამას დღეს მაინც მივხვდებით, დიდად გასახარელი იქნება.

თუ ჩვენ ასე თუ ისე ვიცნობთ მიქელ თამარაშვილის ქართულად დაწერილ შრომებს, სამაგიეროდ, სპეციალისტების გარდა, ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს მის წიგნზე – „ქართული ეკლესიის ისტორია”, რომელიც ფრანგულად არის დაწერილი. კიდევ კარგი, რომ ეს წიგნი ფართოდ მიმოიხილა შოთა ლომსაძემ მონოგრაფიაში „მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი”.

როცა დრო-ჟამი დაწყნარდება, ქვეყანა კალაპოტში ჩადგება, მიქელ თამარაშვილის სრული კრებული უნდა დაისტამბოს. ეს თანამედროვეობას ისევე სჭირდება, როგორც სჭირდებოდა იმ ეპოქას, როცა იგი მოღვაწეობდა. ოცდამეერთე საუკუნეში მაინც უნდა დადგეს დრო, რომელიც ადამიანის თავისუფალ გონებას რელიგიური რწმენის თავისუფალი არჩევანის უფლებას მისცემს. ერთხელ და სამუდამოდ დანერგავს ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთგაგების, ურთიერთშემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის იდეას.

როცა 53 წლის მიქელ თამარაშვილი ადამიანის გადასარჩენად აბობოქრებულ ზღვაში გადაეშვა, მას არ უფიქრია, იგი, ვინც იხრჩობოდა, რა რწმენის კაცი იყო – კათოლიკე ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, ბუდისტი თუ მუსლიმი. მას ადამიანის შველა უნდოდა. მიქელ თამარაშვილი ღირსეულად ატარებდა კათოლიკე ქრისტიანის სახელს სწორედ იმიტომ, რომ არასოდეს შეუხედავს ათვალწუნებით სხვა რწმენის ადამიანისათვის. მის მეცნიერულ ღვაწლს ეს ზნეობრივი გაკვეთილიც ამშვენებს.

კომენტარები