ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი გამოქვეყნდა

ახალი საარჩევნო კოდექსის 140-გვერდიანი პროექტი პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მოამზადა. მასში ასახულია  შეთანხმებები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ზაფხულში რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან მიაღწია.

პარლამენტის ბიუროზე ახალი კოდექსის ინიცირება დღეს მოხდება. მმართველი პარტიის ცნობით, გასულ კვირაში პროექტი  ვენეციის კომისიაში ექსპერტიზისთვის უკვე გაიგზავნა.

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 190-მდე უნდა გაიზარდოს. 107 წევრი აირჩევა პროპორციული, ხოლო 83  – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, 4 წლის ვადით. ნაცვლად დღეს არსებული 75/75–ზე შეფარდებისა 150 წევრიანი პარლამენტის პირობებში.

პროექტში გათვალისწინებულია ასევე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ასანაზღაურებლად თითოეული იმ პარტიისთვის, რომელიც  არჩევნებზე 5%-იან ბარიერს გადალახავს, ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამოიყოფა. პარტიათა საარჩევნო ფონდებში შემოწირულობათა ზედა ზღვარიც გაორმაგდება   - ფიზიკური პირებისათვის 60 ათას ლარამდე და იურიდიული პირებისათვის 200 ათას ლარამდე.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ დამოუკიდებელ კანდიდატებს.  კანდიდატებს მხოლოდ პარტიები და საარჩევნო ბლოკები წარადგენენ, როგორც ეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით არის გათვალისწინებული.

კანონპროექტში ასევე სხვა ცვლილებები არის შესული, რაც პარტიებს შორის შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული. კერძოდ, აღარ მოხდება ამომრჩევლების მარკირება. ცესკო აღარ იქნება ვალდებული არჩევნებამდე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განსაზღვროს და გამოაქვეყნოს, საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალი აღარ განთავსდება, გარდა ამისა,  იზრდება საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებები.

 

 

კომენტარები