საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალი ხელმძღვანელი, პოლონელი ანდჟეი კიშკევიჩი დღეიდან  მოვალეობის შესრულებას შეუდგება. მან ამ პოსტზე გერმანელი დიპლომატი ჰანს იორგ ჰაბერი შეცვალა. როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, თბილისისთვის  მნიშვნელოვანია ამ  მისიის შენარჩუნება და მისი მანდატის გაგრძელება , „მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მანდატს სრულად ვერ ახორციელებს, რადგან  შესაძლებლობას ზედამხედველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც განახორციელოს", - განაცხადა კალანდაძემ.

12 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიას მანდატი კიდევ ერთი  წლით - 2012 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელა.

EUMM რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 15 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით დაფუძნდა და საქმიანობას ამავე წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგა. ამჟამად მისიის შემადგენლობაში ევროკავშირის 26 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი მსახურობს - როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები  და სამხედროები.  მათი მთავარი ამოცანა მხარეების მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების გაკონტროლებაა.

მისიის წარმომადგენლები ახორციელებენ პატრულირებას ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად, ასევე ინფორმაციის შეგროვებას ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ევროკავშირის ინფორმირების მიზნით. მისი მანდატი რეგიონში სტაბილიზაციისა და ნდობის აღდგენას ემსახურება.  EUMM-ს მანდატი საქართველოს  მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, თუმცა ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები ევროპელ დამკვირვებლებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. 

2009 და 2010 წელს EUMM-მა გააფორმა  მემორანდუმები საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან, რომლის თანახმადაც  ქართული მხარე ცალმხრივად იღებს ვალდებულებებს ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად შეიარაღების და ტექნიკის განლაგების შეზღუდვის თაობაზე.  ევროკავშირის მოწოდების მიუხედავად, რუსული მხარე ამგვარი შეთანხმების გაფორმებას არ დათანხმდა.

ჟენევის დისკუსიებზე 2009 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის მისია მონაწილეობს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მხარეთა შორის შეხვედრების ორგანიზებაში. ამ შეხვედრებში ასევე გაერიო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ოპერატიული გაცვლისა და მათი პრევენციის  მიზნით, მისიის ძალისხმევით, ცხელი ხაზი ამოქმედდა. როგორც მისია აღნიშნავს, ამ მექანიზმმა დაძაბულობის განმუხტვას არაერთხელ შეუწყო ხელი.

EUMM-ს არაერთხელ გაუბათილებია რუსული მხარის ბრალდებები თბილისის მიმართ, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ქართული მხარის მიერ თითქოს პროვოკაციების მომზადებას შეეხებოდა. 

კომენტარები