
სამწუხაროდ, ხშირად ისინიც კი, ვინც აღმსარებლობის თავისუფლებას პატივისცემით ეპყრობიან, იაჰოვას მოწმეებზე საუბრისას შორს არ არიან ამგვარი ლოგიკისგან: „არ მინდა და მივარდებიან!”. ადამიანების ნაწილი კარგა ხანია მიხვდა, რომ არსებობს პულტი, რომლითაც შესაძლებელია არასასურველი გადაცემისგან თავი დაიცვა. მაგრამ, რატომღაც, ჭირს გააზრება, რომ კარსმომდგარ მისიონერთან მომაბეზრებელი საუბრის დასრულებაც მარტივია. რასაკვირველია, აქტიური მისია შესაძლებელია გამაღიზიანებლად იქცეს, მაგრამ იეჰოვას მოწმე სახლში ძალით არავის უვარდება. მიუხედავად იმისა, რომ შეჭრის ფაქტები არც პროკურატურაში და არც სახალხო დამცველის ოფისში არ არსებობს, ჩვენი საზოგადოების ნაწილი მათ მოღვაწეობას მაინც სრულიად უადგილო სიტყვით – „აგრესიულით” – ახასიათებს.
სამაგიეროდ, არსებობს მრავალი საპირისპირო ფაქტი. მაგალითად, 2007 წლის 20 მარტს, მამა ირაკლი ხომერიკი იეჰოვას მოწმის ეკლესიაში ძალით შეთრევას ცდილობდა. მომდევნო წელს იმავე მღვდელმა იეჰოვას მოწმე სცემა კიდეც. კასპის რაიონის პოლიციასა და გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე გამოძიების შედეგები არ გამოუქვეყნებია. იეჰოვას მოწმეების პრობლემების გასარკვევად, რომელიც პრესის ინტერესის საგანი იშვიათად ხდება, მათ ცენტრში მივედი.
ვარკეთილში, აეროდრომის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეთა საქართველოს ადმინისტრაციის კომპლექსი დგას. ის რამდენიმე, ღია ფერის, დიდი შენობისგან შედგება. იქაურ ნაცრისფერ სივრცეში შენობები ადვილად შესამჩნევია. ეზოს დიდი ნაწილი მწვანე, კარგად გაკრეჭილ გაზონს უკავია. ხეივანი, მომცრო ქვევრი და მაყალი, მინიმალისტურ ინტერიერს ნაციონალურ შეფერილობას სძენს. თუმცა გგონია, რომ არა თბილისის გარეუბანში, არამედ ამერიკულ კოლეჯში მოხვდი.

„რატომ ხდება, რომ იეჰოვას მოწმე ანტიპათიურის სინონიმად იქცა?” – ვეკითხები ჩემ წინ მსხდომ რესპონდენტებს, რომელთაც უკვე მოასწრეს ბიბლიისა და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების გადმოცემა. პირველად სწორედ ეს კითხვა ჩნდება – მათთან საუბრისას გრძნობ, რომ მითიური „იეღოველების” მისამართით დიდი რაოდენობით ნასროლმა ტალახმა, გარკვეულწილად თქვენზეც იქონია გავლენა: როცა ერთ, კონკრეტულ ჯგუფს, ამდენჯერ ესხმიან თავს, ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ იეჰოვას მოწმეები გარკვეულწილად თავად არიან აგრესიის ინსპირატორები.
უხუცესი თამაზის აზრით, შეუწყნარებლობა, ერთი მხრივ, იეჰოვას მოწმეთა აქტიურობის შედეგია, რასაც დომინანტი რელიგიური ინსტიტუტი საშიშ კონკურენციად აღიქვამს. მედიისა და სასულიერო პირების შავრაზმულ რიტორიკასაც საკუთარი წვლილი აქვს. ამას ემატება იეჰოვას მოწმეთა ზოგიერთი, სხვებისთვის მიუღებელი სწავლება.
„როცა შენი რელიგიური მრწამსი გავალდებულებს ადგე და ღვთის სიტყვა ადამიანებს შესთავაზო, თუნდაც მოკრძალებული და ზრდილობიანი ფორმით, უნდა იცოდე, რომ მრავალს გააბრაზებ. დაწერენ არაერთ სიბინძურეს და თავის მართლების საშუალებასაც არ მოგცემენ”, – ამბობს უხუცესი. ქადაგება იეჰოვას მოწმეთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამას პირველქრისტიანულ, მოციქულებრივ ტრადიციას უკავშირებენ. არც იმის თქმა ავიწყდებათ, რომ ეს მოვლენა ყველა საერთაშორისო სამართლით დაცულ უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი თავს მოწესრიგებულ მოქალაქეებად თვლიან.
აქტიური მისიონერობა იმასაც განაპირობებს, რომ სტიგმატიზებისა და ჯერ არშეწყვეტილი თავდასხმების მიუხედავად, მრევლი ყოველწლიურად 4%-ით იზრდება. მონათლულთა საერთო რაოდენობა, მათივე მონაცემებით, 18 ათასია, ხოლო კათაკმევლებთან და დაინტერესებულებთან ერთად – 40 ათასი. ზოგადად, იეჰოვას მოწმეთა საერთო რაოდენობა მთელ მსოფლიოში 7 მილიონია. ზრდის დიდი ტემპის გამო, მრავალ ქვეყანაში, ტრადიციული ინსტიტუტები მათ უფრთხიან. თუმცა, მათგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურ მეინსტრიმში ვერ მკვიდრდებიან – მრწამსიდან გამომდინარე, პოლიტიკას სრულად ემიჯნებიან. იეჰოვას მოწმეები არც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და სამხედრო სამსახურზეც პაციფისტური შეხედულების არიან. ამდენად, ტრადიციული რელიგიური ინსტიტუტები, როგორც წესი, გადაჭარბებით აფასებენ მათი მისიის შესაძლებლობებს – თანამედროვე სახელმწიფო, იეჰოვას მოწმე მოქალაქეებით უმრავლესობაში, ვერ იარსებებს.
მისიის პოზიტიური ფორმები რომ აერჩია, საქართველოს საპატრიარქოც აცდებოდა თავისი კათედრიდან შთაგონებულ დანაშაულს და განუზომლად
დიდი რესურსის პირობებში, მეტი ადამიანის ევანგელიზებას შეძლებდა. სხვა ტრადიციული რელიგიური ინსტიტუტები ათწლეულების წინ მიხვდნენ, რომ დამთავრდა დრო, როცა მრევლი ეკლესიაში ხელისუფალს მოჰყავდა, ხოლო კონკურენტის გასაჩუმებლად ანათემა კმაროდა. პლურალიზმი თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. კონკურენცია კი ის სრულიად არაბიწიერი სიტყვა, რომელიც საპატრიარქომაც უნდა მიიღოს და აითვისოს.
საქართველოში იეჰოვას მოწმეების ისტორია 1953 წლიდან იწყება, როდესაც ვალენტინა მიმინოშვილი, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში იეჰოვას
მოწმე გახდა და საბჭოთა საქართველოში დაბრუნდა. ბანაკში მის გვერდით უამრავი იეჰოვას მოწმე აღმოჩნდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს რწმენით განპირობებულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ და დევნის მსხვერპლი ხდებოდნენ. სამშობლოში დაბრუნებულ ვალენტინა მიმინოშვილს, რწმენის გამო, ამჯერად საბჭოთა გადასახლებაში მოუწია წასვლა. 1970 წელს გალის რაიონში თორმეტი ადამიანისგან შემდგარი იეჰოვას მოწმეების კრება ჩამოყალიბდა. კრემლიდან სსსრ-ის მთავრობის სახელზე მალევე მოვიდა ცნობა „იეჰოვას მოწმეთა საქმიანობით გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ”. იეჰოვას მოწმეები დევნისა და წინააღმდეგობის პირისპირ აღმოჩნდნენ. 1986 წლამდე, ტერორის პირობებში, შეხვედრებს ძირითადად რუსულ ენაზე ატარებდნენ, ამ წლიდან კი უკვე ქართულ ენაზეც დაიწყეს. 1988 წელს, საქართველოში საშუალოდ 985 იეჰოვას მოწმე ქადაგებდა, ხოლო 91-92 წლებში მათი რაოდენობა 3400-მდე გაიზარდა.
დამოუკიდებელ საქართველოში იეჰოვას მოწმეთა უფლებების დარღვევაზე ტომები დაიწერა. ყველას გვახსოვს ბასილ მკალავიშვილის მიერ ორგანიზებული არაერთი დარბევა, სადაც იეჰოვას მოწმეებს სასტიკად უსწორდებოდნენ. მაშინდელი ვითარების საილუსტრაციოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილებაში მოტანილი რიცხვებიც კმარა: „სულ 1999 წლის ოქტომბერსა და 2002 წლის ნოემბერს შორის პერიოდში იეჰოვას მოწმეებზე ოფიციალურად 138-ჯერ განხორციელდა ძალადობა, ხოლო შესაბამის ორგანოებში მათ 784 საჩივარი შეიტანეს. როგორც ჩანს ამ საჩივრებიდან არც ერთი არ ყოფილა ღრმად და საფუძვლიანად გამოძიებული”. მაშინ საქართველომ ევროსასამართლოში საქმე წააგო. იეჰოვას მოწმეების დევნა ამ პერიოდში პოლიციის მწვანე შუქის ფონზე მიმდინარეობდა. ბასილ მკალავიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, როგორ მიდიოდა პროკურატურაში და პოლიციას მოსალოდნელი დარბევის შესახებ აფრთხილებდა. სამართალდამცავები განზე რჩებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თავდასხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სახალხო დამცველის მოხსენებებში იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმები, სხვა კონფესიების მიმართ განხორციელებულ დანაშაულს, მნიშვნელოვნად სჭარბობს
ადამიანი, რომელიც მუშტის ძალით ცდილობს „სულიერი ექსპანსიის” შეჩერებას, ხშირად აცნობიერებს, რომ ამით იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომლის დაცვასაც ცდილობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ძალადობა პრაგმატულია – „იცემება და ხალხს აღარ გადაიბირებს”. თუმცა ისტორიული გამოცდილება ამტკიცებს, რომ ეს მიდგომა, კრიმინალურთან და არაქრისტიანულთან ერთად, რაციონალურიც არ არის – დევნა რელიგიურ ჯგუფს მეტად ორგანიზებულს ხდის.
იეჰოვას მოწმეები მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დევნილი უმცირესობაა. ათწლეულების მანძილზე მათ სასამართლო პროცესების მთელი ინდუსტრია შექმნეს და არაძალადობრივი, სამოქალაქო გზით ბრძოლით დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მანუჩარი თვლის, რომ „იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის, რეალურად ნიშნავს სხვათა უფლებებისთვის ბრძოლასაც”.

არასრულწლოვნებთან დაკავშირებული შემთხვევები კანონმდებლობით რეგულირდება. საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ განმარტავს, რომ კრიტიკულ შემთხვევებში, როცა ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება, მშობლების აზრი მხედველობაში არ მიიღება. თუმცა, კანონის სიცხადის მიუხედავად, წინა წელს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად ჩაერია 4 წლის გოგონას გადასარჩენად.





