„ბორჯომი“ , ასევე „ნაბეღლავი“ რუსეთში დასაბრუნებლად ემზადება

მინერალური წყლის "ბორჯომის"  მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi International აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად მზად არის. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მას აქვს ყველა ტექნოლოგიური საშუალება და სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რათა დააკმაყოფილოს რუსეთის ბაზრის მოთხოვნა "ბორჯომის" მინერალურ წყალზე. დღესდღეობით "ბორჯომის" გადატვირთვები რუსეთის ბაზრის მიმართულებით არ ხორციელდება, ვინაიდან არ არსებობს ნებართვა რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურიდან  („როსპოტრებნადზორი“)", - ნათქვამია კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ  განცხადებაში. "ბორჯომის" მინერალური წყალი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს, რუსეთისა და ევროგაერთიანების ყველა რეგულაციასა და მოთხოვნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოპანიამ  2006 წლიდან არაერთხელ შეიტანა განაცხადი რუსეთის  ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში "ბორჯომის" რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მოთხოვნით.

კომპანია აცხადებს, რომ "ბორჯომი" რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად მზადაა, თუკი საქართველოსა და რუსეთის სათანადო უწებებს შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდება.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის სანიტარულმა უწყებამ განაცხადა, რომ ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი მოთხოვნები  „ბორჯომის“ მწარმოებელს უკვე გაუგზავნა.   ამის შემდეგ „როსპოტრებნადზორი“ წარმოების ინსპექციას  ჩაატარებს და  ნიმუშებს გამოიკვლევს.

როგორც რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რუსული მხრიდან არ არსებობს ხელოვნური ბარიერები "ბორჯომის" ბაზარზე დასაბრუნებლად. ბოლო პერიოდში ონიშჩენკო ამ საკითხზე  „მოლაპარაკებებს“ ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთან  კახა კუკავასთან  აწარმოებდა.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ "ბორჯომთან" ერთად რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად "ნაბეღლავის" მწარმოებელი კომპანიაც ემზადება. რუსული გამოცემა "Известия"-ს ცნობით,  "როსპატენტმა" მინერალური წყლის მწარმოებელი ქართული კომპანია “Healthy Water”-ისგან სავაჭრო ნიშან "ნაბეღლავის" რეგისტრაციის შესახებ განცხადება მიიღო.

გამოცემის ცნობით,  კომპანია იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის WTO-ში გაწევრიანებასა და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით ხელსაყრელი შედეგი იქნება მიღწეული.

 

ამავე დროს, საქართველოს საგარეო უწყებამ უარყო ქართული კომპანიების „როსპოტრებნადზორში“  მიმართვის ფაქტი, ამ თემაზე რუსული მხარის განცხადებებს კი სპეკულაციები უწიოდა. ოფიციალური თბილისის აზრით, რუსეთი WTO-ში  მისი გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას "პოზიტიური ფონი", თითქოს ის ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად მზადაა.

"ემბარგოს საკითხი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას არანაირად არ უკავშირდება. ქართული მხარე ემბარგოს მოხსნას წინაპირობად არ აყენებს. ეს ჩვენი დაინტერესების საკითხი არ არის და როგორც ირკვევა, არც ქართული კომპანიების ინტერესებში შედის. ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ემბარგოს მოხსნას ისედაც გულისხმობს", - განმარტა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

„ბორჯომისა“ და "ნაბეღლავის" იმპორტი რუსეთის სანიტარულმა უწყებამ 2006 წლის გაზაფხულზე, ქვეყნებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის ზრდასთან ერთად აკრძალა.   ემბარგოს შემოღებამდე "ბორჯომს" რუსეთის მინერალური წყლების ბაზარზე  13%-ანი წილი ეკავა. 

კომენტარები