დონალდ ტუსკი: საქართველო და მოლდოვა ევროკავშირს უახლოვდებიან

საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის წევრობას უახლოვდებიან და ეს  მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. „რამდენიმე წლის წინ არავის ეგონა, რომ საქართველოსა და მოლდოვას გზა ევროპისკენ ასეთი სწრაფი იქნებოდა“,  - განაცხადა ტუსკმა კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.  მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მოლდოვას პრემიერის ვლად ფილატის საქმიანობას და აღნიშნა, რომ პოლონეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა  ორი  ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ”დრო  შეამციროს”.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა დააკმაყოფილოს ამ ქვეყნების ამბიცია და ეს უნდა მოხდეს  ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე. ტუსკის განცხადებით, „ევროკავშირის გაფართოების იდეასა და მის წევრობაზე უარის თქმა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყოველგვარ სტანდარტს ასრულებენ, კაპიტულაცია იქნებოდა“.

დონალდ ტუსკმა ძალიან პოზიტიური უწოდა ევროკავშირის გაფართოების შედეგებს და აღნიშნა, რომ ყველაზე წარმატებულად  ევროპულ გაერთიანებაში სწორედ მისი ახალი წევრები - პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ვითარდებიან. 

ფორუმზე  თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთს „ევროპული ინტეგრაციისა და ეკონომიკის ლოკომოტივი“ უწოდა და აღნიშნა, რომ  ეს ქვეყანა „სანიმუშო მაგალითი და სტიმულია   ევროპისკენ  მსწრაფი ქვეყნებისთვის“.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლაში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა. „შეგახსენებთ, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის ნაწილი დევნილია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქვეყანა წინსვლას განაგრძობს“,  - განაცხადა სააკაშვილმა.

კრინიცაში საქართველოს პრეზიდენტმა  პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრემიერისგან პირადად მიიღო მოწვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე  დასასწრებად, რომელიც ვარშავაში სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

შეხვედრისას, მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა  და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი სამოქმედო გეგმის დაჩქარების  აუცილებლობაზე  იმსჯელეს და  იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით, გარკვეული გადაწყვეტილებები   აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში  მიიღება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ტუსკმა და საკაშვილმა  განიხილეს  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხიც. ამ  მიმართულებით   ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია კონსტრუქციული პოლიტიკის შემუშავება  რათა,  რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები სცნოს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით  წლევანდელი შემოდგომა „საქართველოსთვის არნახული იქნება, რადგან დიდ შედეგებს სწორედ სეტქემბერ-ოქტომბერში ველოდებით“.

პოლონეთში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტი  მოლდოვას პრემიერ-მინისტრს ვლად ფილატსაც შეხვდა.  მხარეები  შეთანხმდნენ  ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში შეიმუშავონ   ერთობლივი სამოქმედო გეგმა   ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის დასაჩქარებლად.  საქართველოს პრეზიდენტი და მოლდოვის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავენ , ერთიანი სამოქმედო გეგმის არსებობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გარკვეული პროგრესული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა პრესას განუმარტა  რომ, საქართველოსა და მოლდოვას პოზიციების თანხვედრა უფრო მეტ შედეგს მოიტანს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.

 

კომენტარები