Wikileaks ბურჯანაძის შესახებ

ვებ გვერდმა Wikileaks-მა  საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის 2009 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული საიდუმლო გზავნილი გამოაქვეყნა. გზავნილი  შეიცავს ცნობებს ნინო ბურჯანაძის საქმიანობის დეტალების,  პოლიტიკური გეგმებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მის თანახმად     არსებობს მტკიცებულებები იმის სასარგებლოდ, რომ  ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი ბადრი ბიწაძე  დიდი ოდენობის თანხებს რუსეთში მცხოვრები იმ  ქართველებისგან იღებდა, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, კრიმინალური  სამყაროს  წარმომადგენელი  ყოფილიყო. Wikilieaks-ის  მიერ გამოქყენებულ მასალაში ელჩი იშველიებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიღებულ ინფორმაციას  იმის შესახებ, რომ ბურჯანაძემ  და ბიწაძემ  500 ათასი აშშ დოლარი მიიღეს კრიმინალური ავტორიტეტისგან ტარიელ ონიანისგან. ონიანი კი  შესაძლოა,  მუხროვანის ამბოხების უკან  მდგარიყო. ბიწაძე ონიანს ბელარუსში შეხვდა. მერაბიშვილის ინფორმაციით, დიდ თანხებს ბიწაძე ასევე სომხეთის გავლით, მოსკოვში მყოფი ქართველი ქურდებისგან იღებდა. ბიწაძე და ბურჯანაძე კრიმინალურ ავტორიტეტებთან შესახვედრად ხშირად ევროპაში დადიოდნენ.

ჯონ ტეფტი ასევე აღნიშნავს  ნინო ბურჯანაძისადმი  საზოგადოების მხარდაჭერის დეფიციტზე და  მოჰყავს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მოსაზრებები . ამ მოსაზრებების თანახმად  ბურჯანაძე 2009 წელს აქტიურად მუშაობდა ეკა ბესელიასა და სალომე ზურაბიშვილთან სააკაშვილის გადადგომის მიზნით ფართო სახალხო მოძრაობის ორგანიზებაზე. ალასანიას აზრით, დაბალი პოპულარობის გამო ბურჯანაძე ცდილობდა აქციებში მონაწილეობაზე გიორგი გაჩეჩილაძის  - „უცნობის“, დაყოლიებასაც. ალასანია ასევე აღნიშნავდა, რომ ბურჯანაძის მიერ დაგეგმილ კამპანიაში არც მისი ორგანიზაცია, არც რესპუბლიკელები და არც ლევან გაჩეჩილაძე მონაწილეობას არ გეგმავდნენ. მისი თქმით, ბურჯანაძე და ბესელია ცდილობდნენ ბესელიას შვილისა და ძმის დაკავების ფაქტისთვის  პოლიტიკური შეფერილობა  მიეცათ, თუმცა თავად ალასანიამ დაკავებულებს „წვრილმანი ხულიგნები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ამ საკითხში ბურჯანაძეს მხარს არ დაუჭერს.

ტეფტი თავის  დეპეშაში ბურჯანაძის წყნეთის აგარაკის გარშემო წარმოქმნილ დავაზეც მიუთითებს.  ბურჯანაძე ადასტურებდა, რომ აგარაკის მისაღებად გადასახადები უნდა გადაეხადა. თუმცა, მთავრობის მიერ აგარაკი არარეალურად მაღალ ფასად იქნა შეფასებული,  - აღნიშნულია გზავნილში.

Wikileaks -ის ცნობის გამოქვეყნებას დღეს ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა. მის თქმით, ხელისუფლება დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.  "ხელისუფლება "დემოკრატიული მოძრაობის" წინააღმდეგ ბინძურ მეთოდებს იყენებს, რაც ჩემთვის სიახლე  არ არის. თუ ხელისუფლებას აქვს რეალური სამხილები, წარმოადგინოს. "ვიკილიქსის" ვერსიები არის ის, რაც ვანო მერაბიშვილმა უთხრა ელჩს, ეს არ არის ჯონ ტეფტის პოზიცია", – აღნიშნავს ბურჯანაძე  "ინეტრპრესნიუსთან" საუბრისას.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებებს ბურჯანაძის მისამართით, ექს-სპიკერის თქმით,  იგი ალასანიასთვის საჯარო პასუხის გაცემას არ აპირებს და, თუ ეს მასალა სინამდვილეს შეესაბამება, შეუძლია ამის თაობაზე ალასანიას პირადად ესაუბროს.

როგორც, თავის მხრივ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, მას  რაიმე კომენტარის გაკეთება გავრცელებულ ინფორმაციაზე  გაუჭირდება. „ რაც შეეხება ელჩთან ანგარიშების ჩაბარებას, თავად ალასანიამ უნდა გააკეთოს კომენტარი, უნდა დაადასტუროს ან უარყოს გამოქვეყნებული ინფორმაცია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ირაკლი ალასანიამ Wikileaks-ის მასალების კომენტირება არ ისურვა.

 

კომენტარები