ოსურმა მხარემ 22 აგვისტოს ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული საქართველოს სამ მოქალაქეს „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდება წაუყენა.
21 წლის შოთა ბზარაშვილის, 23 წლის გიგა ბზარაშვილისა დას მათი ბიძის, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილის საკითხი დღეს სოფელ დვანში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე განიხილეს. ქართული და ოსური მხარეების გარდა, ამ შეხვედრებში რუსეთის, ასევე ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიისა და ეუთო-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
როგორც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ოსურმა მხარემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ ბზარაშვილებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდერბა წაუყენეს და, „სავარაუდოდ, გაიმართება სასამართლოც". მისი თქმით, საქმის სხვა დეტალები ოსურ მხარეს დღევანდელ შეხვედრაზე არ წარმოუდგენია. "ალბათ მოგვიანებით შეგვატყობინებენ, თუ როგორ გაგრძელდება საქმე", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრამდე ცხინვალის ხელისუფლება სამი ქართველის დაკავებას არ ადასტურებდა.
დვანის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ. განცხადების თანახმად შეხვედრის მონაწილეებმა ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები განიხილეს და იმ პირთა მდგომარეობაზე ისაუბრეს, რომლებიც ამ დრომდე ციხეებში იმყოფებიან. საუბარი იმ პირთა უსაფრთხოების აუცილებლობასაც შეეხო, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რელიგიურ დღესასწაულებზე თუ სხვა ღონისძიებების დროს გადაადგილდებიან.
"მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ მოსავლის აღების პერიოდში ადგილობრივ ფერმერთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საუბარი შეეხო სხვადასხვა სახის გამაფრთხილებელ ნიშნებსაც, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. დაისვა დუშეთის რეგიონის წყალმომარაგებისა და ახალგორის რაიონის გაზმომარაგების საკითხიც. შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა", - ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.
გადაწყდა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 20 ოქტომბერს გაიმართება.




