ზესტაფონი გასასვლელად იბრძოლებს

დღეს და ხვალ ქართული ფეხბურთის მოყვარულებს საინტერესო თამაშები ელოდება. ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრებს - თბილისის დინამო, რუსთავის მეტალურგი და ზესტაფონი ჩაატარებენ. ავსტრიის ქალაქ გრაცში დღეს საქართველოს ჩემპიონი, ზესტაფონი ადგილობრივ შტურმს დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. აქედან გამომდინარე, უკეთესი შანსები მასპინძლებს აქვთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ზესტაფონის გასვლაც არაა წარმოუდგენელი.

თამაში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაწყდა, რომ ამ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

უკვე ხვალ საქმეში დანარჩენი ორი გუნდიც ჩაებმება. 21:00 საათზე თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დინამო ისლანდიურ რეიკიავიკს ეთამაშება. პირველი შეხვედრა ქართველების გამარჯვებით 4:1 დასრულდა და ახლა დინამოელებს უბრალოდ საქმის წყნარად ბოლომდე მიყვანა ესაჭიროებათ.

რუსთავის მეტალურგი საფრანგეთში, ქალაქ რენში ამავე სახელწოდების გუნდთან პრესტიჟის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს. ერთი კვირის წინ თბილისში გამართულ შეხვედრაში რუსთაველები 2:5 დამარცხდნენ. ახლა მათ ყველანაირი ფსიქოლოგიური ტვირთი მოხსნილი უნდა ჰქონდეთ და უბრალოდ ფეხბურთი ითამაშონ. ეს თამაშიც 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები