ილია მეორე კიევში რუსეთის პატრიარქს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 26 ივლისს, კიევში რუსეთის პატრიარქს შეხვდება. ამის შესახებ  ილია მეორემ რადიოსადგურ  „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა. რადიოსადგურის მთავარ რედაქტორთან, ალექსეი  ვენედიქტოვთან  საქართველოს პატრიარქის  ვრცელი ინტერვიუ ”ეხო მოსკვის” ეთერში დღეს გავიდა.

ინტერვიუში კათოლიკოს პატრიარქმა  განაცხადა, რომ  საქართველომ და რუსეთმა ჩიხიდან გამოსავალი ერთად უნდა ეძებონ. მისი აზრით,  რუსეთის საპატრიარქომ ”გამოიჩინა სიბრძნე,” როდესაც საქართველოს საეკლესიო იურისდიქციის  ერთიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. „რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მითხრა, ჩვენ  არ გვჭირდება აფხაზეთიო. მადლობა ღმერთს, თუ არ სჭირდებათ, რატომ შეიძლება  სჭირდებოდეთ? განა ჩვენ არ ვუშვებდით რუსებს აფხაზეთში?“ თქვა პატრიარქმა.

ქართული ეკლესიის წინამძღვარმა ასევე აღნიშნა, რომ  საქართველოს ეკლესიის მრევლი ”განიცდის, რომ 200 წლის მანძილზე რუსეთმა ვერ დაინახა ქართველი ხალხის სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა  მისი კულტურისა და ისტორიის მიმართ“. ილია მეორემ აქვეა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთს და საქართველოს შორის  დარღვეული ”ურთიერთპატივისცემა  და ნდობა” აღდგება. ამისთვის კი, პატრიარქის აზრით,  ორი ქვეყნის ოფიციალური პირები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. კრემლის განცხადებას, რომ სააკაშვილის მთავრობას არ დაელაპარაკება, პატრიარქმა  ”არაკორექტული და დიპლომატიისთვის მიუღებელი” უწოდა.

“ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს ყველას, რომ იპოვოს საკითხების გადაწყვეტის გზა,“ განაცხადა პატრიარქმა.  მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუ რუსეთის ხელისუფლება ქართველებსა და აფხაზებს მოლაპარაკების საშუალებას მისცეს და  განაცხადებს, რომ თუ მოლაპარაკება შედგება, ის ხელს არ შეუშლის მის აღსრულებას და საკუთარ აღიარებას გაიწვევს. „მაგრამ თუ გაგრძელდება ყოველდღიური პროპაგანდა, რომ საქართველო არის მტერი, ეს კარგ შედეგს არ მოიტანს,“ თქვა ილია მეორემ. აფხაზეთის სასულიერო პირებს შორის არსებულ განხეთქილებაზე საუბრისას კი პატრიარქმა აღნიშნა, რომ  ”განხეთქილება იმის ბრალია,  რომ აფხაზეთში არ იმყოფება ეპისკოპოსი.”

ილია მეორე 70-იან წლებში 11 წლის მანძილზე იყო აფხაზეთის მიტროპოლიტი. 2011 წელს  კი წმინდა სინოდმა  ის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპილიტად დაადგინა. პატრიარქი მიიჩნევს, რომ ომის დაწყება და ქართველებსა და აფხაზებს შორის  ურთიერთობის გაფუჭება ყოველდღიურმა ანტიქართულმა პროპაგანდამ გამოიწვია, რომელიც იქ ომამდე მრავალი წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

”ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის,” მიმართა პატრიარქმა რუს ერს ინტერვიუს დასასრულს.

კომენტარები