მანჯგალაძე: დაკავებას მედიასაქმიანობასთან კავშირი არ აქვს

თბილისში გუშინ დაკავებული ფოტოჟურნალისტების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. საინფორმაციო სააგენტო presa.ge-სთან საუბრისას, პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქმეს ჟურნალისტიკასა და მედიასაქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს. ”საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან. აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედიასაქმიანობაზე,” აღნიშნა მანჯგალაძემ.

ხუთშაბათს, ღამით სამართალდამცველებმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ხუთი ფოტოჟურნალისტი დააკავეს: პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ფოტოჟურნალისტი შახ აივაზოვი და ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოჟურნალისტი ზურაბ ქურციკიძე. პოლიციამ შახ აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. დანარჩენი დაკავებულებისთვის კი ჯერ ბრალდება ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ”ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.” პრეზიდენტის პრეს სპირეკის თქმით, ეჭვმიტანილებს ბრალი არ ედებათ ფოტოგრაფიული საქმიანობის შესრულებისთვის. ”სავარაუდოდ, შესაძლოა, მათ ბრალი კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისათვის წაუყენონ. კერძოდ, იმისთვის, რომ წერილობითი დოკუმენტაცია ან კონფიდენციალურ ღონისძიებათა განრიგი ისეთ ორგანიზაციას გადასცეს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ჯაშუშური ქსელი. მე მხოლოდ ბრალდებაზე ვსაუბრობ და ცხადია, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს,” თქვა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრეს სპიკერმა კატეგორიულად უარყო ადამიანის უფლებათა დამცველების ნაწილის განცხადება იმის შესახებ, რომ ფოტოჟურნალისტების დაკავება სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა იყო. ”მე ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ჟურნალისტს საქართველოში - ვერც მხარდამჭერს და ვერ ოპოზიციურად განწყობილს მთავრობის მიმართ - რომლისთვისაც ოდესმე ბრალი დაედოთ ჯაშუშობაში,” თქვა მანჯგალაძემ ”ის ხალხი, რომელიც დააკავეს, სრულებით არ იყვნენ ცნობილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან".

დაკავებულ ფოტოჟურნალისტებს გუშინ სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ. ომბუდსმენის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაიცის მიხედვით, არც მათი დაკავების ან არც დაკავების შემდეგ ადგილი არ ჰქონია ფოტოჟურნალისტების სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას. ”დაკავებულებმა განაცხადეს, რომ დროულად მიეწოდებათ საკვები და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია,” ნათქვამია განცხადებაში.

ფოტოჟურნალისტ გიორგი აბდალაძის ადვოკატის თქმით, აბდალაძემ პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ”გუშინდელთან შედარებით ის სუსტად არის, მაგრამ შიმშილობას არ წყვეტს,” განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები