ზოგადი კითხვით დავიწყოთ. რა არის თქვენი ვიზიტის მიზანი?
პირველ რიგში, ევროპული კვირის მხარდაჭერის გამოსახატად ჩამოვედი. გარდა ამისა, გაგვიჩნდა იდეა, ჩამოგვეყვანა არაბული გაზაფხულის მოძრაობის აქტივისტები – ბლოგერები, ოპოზიციის აქტივისტები, ჟურნალისტები. ეს ერთი მარტივი მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი: არსებულის ნგრევას ერთგვარი თვისებები, უნარები სჭირდება, ხოლო შენებას სხვაგვარი. იმ ხალხისთვის, ვინც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ბევრი კედელი დაანგრია და ისევ აგრძელებს ნგრევას – მაგალითად, ტუნისსა და ეგვიპტეში, და იმედია, ამას სირიაშიც, ირანშიც, სხვაგანაც შეძლებენ – განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა იმ ადამიანების მოსმენა, რომლებმაც ეს პროცესი სულ რამდენიმე წლის წინ, 2003 წელს, გაიარეს და მას შემდეგ ქვეყნის მშენებლობაში არიან ჩაბმულნი. მათთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოში პრეზიდენტისა და სხვა წამყვანი ფიგურების მოსმენა, თუ რა ისწავლეს ქართველებმა ამ პერიოდის განმავლობაში, რა შეცდომები დაუშვეს, რა გაკვეთილები გამოიტანეს.
ფორუმს, სადაც სხვადასხვა ადამიანებს უყრით თავს, Atlantic Dinner ანუ, ატლანტიკური სადილი ჰქვია. მიამბეთ ატლანტიკური სადილის იდეის შესახებ.
საქმე ის გახლავთ, რომ პარიზში ადგილობრივი და საერთაშორისო ელიტები ერთმანეთში არ ირევიან. ცალკე იმართება ფრანგების სადილები და ცალკე – ეგრეთ წოდებული ექსპატების, ანუ, უცხოელების, რომლებიც პარიზში საქმიანობენ. ასე დაყოფილი სადილები მოსაწყენია, თითქოს მარილი აკლია. მიზნად ამ პარიზული ტრადიციის შეცვლა დავისახე, თუმცა მალე აღმოვაჩინე, რომ სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდება. ამ პროექტით ვცდილობთ, ადგილობრივ და საერთაშორისო ელიტებს შორის დიალოგი წარვმართოთ, ეს არის ჩვენი მისია. ელიტაში მხოლოდ მდიდარ და ძალაუფლების მქონე ადამიანებს არ ვგულისხმობ, არამედ მხატვრებს, მუსიკოსებს, არქიტექტორებს, ბლოგერებს და ასე შემდეგ. მთავარია ამ ადამიანებს ახალი, საინტერესო იდეების, განსხვავებული ხედვების შემოთავაზება შეეძლოთ. მაგალითად, პირველი ატლანტიკური სადილის სტუმარი ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ნურიელ რუბინი იყო. მგლობალური ეკონომიკის მომავალზე სერიოზული საუბარი გაიმართა. რუბინი მეორედაც გვეწვია სადილზე. ორი სადილის სტუმარი მიშა სააკაშვილი იყო. სადილები გავმართეთ კოლუმბიის პრეზიდენტისა და ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვისაც. სულ ცოტა ხნის წინ სადილის სტუმარი ბილ გეიტსი იყო. ეს არა Microsoft-ს, არამედ მისი საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას ეხებოდა.
თქვენ საკომუნიკაციო კომპანიის დამფუძნებელი ხართ, რომელსაც Beyond Influence ჰქვია. რა მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციას 21-ე საუკუნეში? რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის ხალხთან, კერძო კომპანიისთვის კი მომხმარებელთან კომუნიკაცია?
ვფიქრობ, ამ ორს განსხვავებული მიზნები აქვს. ჩემთვის მთავარი, ღირებული მიზნებისათვის მუშაობაა. მე ბევრს ვმუშაობ რამდენიმე ქვეყნის მთავრობისთვის და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის – მაგრამ ძალიან ცოტას კორპორაციებისათვის. კორპორატიული კომუნიკაცია ნაკლებად მაინტერესებს, თან ეს სფერო, სხვებთან შედარებით, ბევრად უფრო განვითარებულია. მე ახალ სფეროებში მაინტერესებს ძალების მოსინჯვა.
რატომ არის ქვეყნისთვის კომუნიკაცია მნიშვნელოვანი? წარმოიდგინეთ, ვიღაც, ვინც საქართველოში არასდროს ყოფილა, ზის, მაგალითად, სამხრეთ საფრანგეთის პატარა ქალაქში და ტელევიზიით შეიტყობს, რომ რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. ხედავს ერთ უცნაურ, პატარა ყოფილ საბჭოთა ქვეყანას, სადაც რუსები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს შოუს წარმართავდნენ, დაბრუნდნენ. დახედავს რუკას, ნახავს, რომ საქართველო ჩეჩნეთის სამხრეთით მდებარეობს. და ფიქრობს – ასე შორსაა ჩემგან, რატომ უნდა მაინტერესებდეს იქ რა ხდება.
თუ ამ ადამიანს საქართველოში ჩამოიყვან, აჩვენებ თბილისს, ბათუმს, თუშეთს, გააცნობ აქ მცხოვრებ არაჩვეულებრივ ხალხს, ის ქვეყნის კეთილი ნების ელჩად იქცევა. საჭიროა ხალხის დარწმუნება, რომ უყვარდეს და იზრუნოს საქართველოზე, ჩამოვიდეს, ჩადოს ინვესტიცია, დაისვენოს აქ – და მისიაც შესრულებული იქნება.
მაგრამ საქართველოში ყველას ვერ ჩამოიყვანთ.
ბუნებრივია. მთავარია გავლენიანი, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი ხალხი ჩამოიყვანო, ის ადამიანები, რომლებსაც ყურს უგდებენ და კლიმატს ქმნიან. კომუნიკაციისათვის ეს არის მთავარი. მეც ასეთი ხალხის ჩამოყვანას ვცდილობ.
საქართველოსთან დაკავშირებით თქვენი მომავალი გეგმების შესახებ მიამბეთ.
ოქტომბერში ვაპირებთ, მოვაწყოთ კონფერენცია ტრანსფორმაციასა და ინოვაციებზე. ამ სფეროს სხვადასხვა ექსპერტის ჩამოყვანას ვაპირებთ. როგორც შაბათს, ატლანტიკის სადილზე ვთქვი, ბევრი ქვეყნის მთავრობას კარგად ვიცნობ, ზოგისთვის ვმუშაობ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ხელისუფლება საქართველოშია. ამიტომ, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ისაუბრებენ, რა მიაჩნიათ ცვლილებისა და ინოვაციისთვის ყველაზე რადიკალურ საშუალებად. დაესწრებიან სილიკონის ველის წარმომადგენლები, რომლებსაც ინოვაციების უფრო ტექნიკური ხედვა აქვთ. სტუმრები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და მედიიდან იქნებიან. ვფიქრობ, რომ ინოვაციის თემა ყველაზე მეტად შეესაბამება ამ ქვეყანას – ძალიან ძნელია, როდესაც პრაქტიკულად ნულიდან იწყებ. ამავე დროს, დიდი შვებაა, როდესაც გაქვს იმის საშუალება, რომ გაიმეორო სულელური შეცდომები, რომლებიც თავის დროზე ბევრმა დაუშვა. ასე დაემართა, მაგალითად, საფრანგეთს, როდესაც 1980-იან წლებში პატარა კომპიუტერი, მინიტელი, ინტერნეტის ერთგვარი წინაპარი, შექმნა და მრავალი წელი ამაყობდა, რომ ყველაზე მოწინავე ქვეყანა იყო. ამასობაში კი ინტერნეტი გაჩნდა და ფრანგებმა, რომლებიც მინიტელზე იყვნენ ფოკუსირებულები, ინტერნეტის მატარებელი გაუშვეს. ვფიქრობ, თქვენ შეძლებთ მინიტელის ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ.
ერთს დავამატებდი. გვინდა, ატლანტიკური სადილები ქაბულსა და ბეირუთში მოვაწყოთ, სადაც ვისაუბრებთ რევოლუციიდან მშენებლობის ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობებზე და აქ საქართველოს გამოცდილების იმედი გვაქვს.




