ოპოზიცია რელიგიური გაერთიანებების კანონზე ვეტოს დადებას ითხოვს



პარლამენტის მიერ მიღებულმა ცვლილებებმა რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესაძლებლობის შესახებ საპატრიარქოს და ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლადმიღებული კანონი ”ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს.” ”ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.”

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ კი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა პარლამეტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლება გამოიყენოს. ალასანიას თქმით, რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებამდე აუცილებელი იყო საჯარო და მრავალმხრივი დისკუსიის გამართვა. ირაკლი ალასანიას პოზიცია თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამაც გაიზიარა. ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, სულხან ღლონტმა განაცხადა, რომ ახალი კანონის მიღებით ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს პატრიარქს ”შეურაცხყოფა მიაყენა.”

”გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვეტო დაედოს ამ კანონპროექტს და დაიწყოს საჯარო განხილვები. ჩვენ ვართ მომხრე ყველა რელიგიური ჯგუფის ინტერესები იყოს ასახული საქართველოს კანონმდებლობაში, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წინადადებების გაუთვალისწინებლად,” აღნიშნა მან. რელიგიური უმცირესობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადება დღეს ლეიბორისტული პარტიის წევრებმაც მოითხოვეს.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში რელიგიური უმცირესობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესაძლებლობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქო კანონში ცვლილებების შეტანის დაჩქარებული წესით მიღების წინააღმდეგ გამოვიდა. კანონპროექტის დაჩქარებული წესი საპარლამენტო ოპოზიციამაც გააკრიტიკა. იმის გამო, რომ ქრისტიან-დემოკრატების მოწოდება ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებმა კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.

საბოლოოდ, ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში პარლამენტმა 70 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში, თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, არ არის მითითებული კონკრეტული კონფესიები, რომლებსაც შეეძლებათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღება. კანონში წერია, რომ ამ სტატუსის მიღება შეეძლებათ ”საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე” რელიგიურ გაერთიანებებს და ასევე იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებსაც ასეთი სტატუსი გააჩნიათ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.

ახლადდამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონი არ ვრცელდება. კონფესიების რეგისტრაცია კი არასამეწარმეო პირების რეგისტრაციის შესახებ წესით მოხდება. კიდევ ერთი განსხვავება კანონპროექტის პირველსა და საბოლოო ვარიანტს შორის არის ის, რომ საბოლოო ვერსიაში არ არის მითითებული, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებთან ამ ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების დაცვის, საკუთრებისა და სტატუსის შესახებ. დამტკიცებულ ვარიანტში აღარ არის ის ფორმულირება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესიების დაცვის დამატებით ღონისძიებებს ეხებოდა.

კანონის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა გადაუგზავნოს, პრეზიდენტმა კი ცვლილებებს ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს. პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე ცვლილებები ძალაში შედის.




კომენტარები