აუდი Q5 HFC ჰიბრიდი საწვავის ფიჭური ელემენტებით

აუდი ინტენსიურად ცდილობს მომავლის ამძრავი სისტემების დანერგვას, რომელთა შორისაც, ტრადიციული ჰიბრიდული და ელექტრონული სისტემები მეტნაკლებად ათვისებული აქვს. და ახლა ისეთი ჰიბრიდული სისტემების ათვისებასაც შეუდგა, რომლებშიც ელექტროენერგიის გამომუშავება, ფიჭურ ელემენტებში ხდება.

საბურავების მწარმოებელ ფრანგულ კომპანია მიშლენის მიერ ორგანიზებულ ბიბენდუმის (ასე ჰქვია მიშლენის ემბლემას) გამოწვევაზე, გერმანულმა კომპანიამ ერთბაშად ხუთი ისეთი ავტომობილი გამოიყვანა, რომლებიც ალტერნატიული ძალური დანადგარებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა უგზოობის Q5-ის ბაზაზე შექმნილი HFC (ჰიბრიდ ფიუელ სელ).

ეს არის ექსპერიმენტული ავტომობილი, რომლის მეშვეობითაც, ინგოლშტადტელები ავტომობილებში ფიჭური ელემენტების გამოყენების

პერსპექტივას შეისწავლიან. ამ ავტომობილში ბევრი ისეთი კომპონენტია გამოყენებული, რომლებიც სერიულ ჰიბრიდულ ავტომობილებში დაინერგება. ამასთან, კონცეპტუალურ მოდელს აქვს ორი მაღალი წნევის ცილინდრი, რომლებშიც ფიჭური ელემენტების საწვავი – წყალბადი – 700 ბარი წნევითაა ჩატუმბული.

ფიჭური ელემენტის პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანა ჯამში 98 კილოვატ (დაახლოებით 133 ცხენის ძალა) ენერგიას ავითარებს. ელემენტებში გამომუშავებული ენერგიის დაგროვება კი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში ხდება, რომლის ტევადობაც სულ რაღაც 1.3 კილოვატსაათია. თუმცა, ელექტროენერგიის მუდმივად გამომუშავების პირობებში, აკუმულატორის მეტი ტევადობა საჭირო არც არის.

ავტომობილის გადაადგილებისთვის საჭირო ძალას კი ორი ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 125 ცხენის ძალა, ხოლო ჯამური მაბრუნი მომენტი – 420 ნიუტონმეტრია. გერმანული კომპანია ამ ავტომობილის სხვა ტექნიკურ-დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს.

ბიბენდუმის გამოწვევის პროგრამით, აუდი Q5 HFC ბრანდენბურგის მიწაზე მოწყობილ სატესტო გარბენში ასპარეზობდა, რომლის დისტანციაც 300 კილომეტრი იყო. გარბენის მიზანი, ავტომობილების შესაძლებლობათა ტესტირების გარდა, მათი უსაფრთხოების შემოწმებაცაა. ამ გარბენში, ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი Q5-ის გარდა, აუდის კიდევ სამი ისეთი ავტომობილი მონაწილეობდა, რომლებიც ექსპერიმენტული ძალური დანადგარებითაა აღჭურვილი. მათ შორისაა ბუნებრივ გაზზე მომუშავე A3 TCNG, Q5 ჰიბრიდული კვატრო და 3.0-ლიტრიანი ტურბოდიზელით (TDI) აღჭურვილი A8.

სხვათა შორის, აუდი მარტო თავისი ავტომობილების ელექტრიფიკაციას არ ცდილობს. გერმანულ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავის წარმოებაში, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენოს. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოების საჭიროებისთვის, ქარის ელექტროსადგურების ამოქმედება. 
 

კომენტარები