სოხუმის აეროპორტი რუსული ჰოლდინგის მმართველობაში გადავა

სოხუმის აეროპორტი, შესაძლოა რუსული ჰოლდინგის „ნოვაპორტის“ მმართველობაში გადავიდეს. Кавказский узел-ის ინფორმაციით იგივე ჰოლდინგი, სავარაუდოდ, სოხუმის აეროპორტის თანამფლობელიც გახდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ აეროპორტის წილის რამდენი პროცენტი გადაეცემა „ნოვოპორტს.“ Кавказский узел-ი იუწყება, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს ეს უკანასკნელი სოხუმის აეროპორტში. რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთში აქტიურად განიხილავენ სოხუმის აეროპორტისთვის სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სათადარიგო აეროპორტის სტატუსის მინიჭებას.

მაისში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრმა, სერგეი შამბამ რუსეთს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის სათადარიგო აეროპორტად სოხუმის აეროპორტის გამოყენება შესთავაზა. „აეროპორტი უკვე დიდი ხანია წესრიგშია, შეკეთებულია და პრაქტიკულად მზად არის ამოქმედებისთვის,“ განუცხადა რუს ჟურნალისტსებს დე ფაქტო პრემიერმა „მივიჩნევ, რომ რაც უფრო მოახლოვდება ოლიმპიადა, მით უფრო აუცილებელია ეს აეროპორტი. სოჭის აეროპორტი ნისლის გამო მუდმივად დაკეტილია. რამდენიმე დღის წინაც ის დაკეტილი იყო მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ოლიმპიადის დროს ასეთი რამე დაუშვებელია. სოჭის აეროპორტს დუბლიორი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეიქმნება,“ განაცხადა შამბამ და დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტი მთელი წლის განმავლობაში ღიაა. „ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს,“განაცხადა მან. 

თუმცა, რუსეთში მიიჩნევენ, რომ სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოსაწყობად მილიარდობით რუბლია საჭირო. ამასთანავე, ქართული კანონმდებლობის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცე საერთაშორისო ფრენებისთვის დახურულია. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი არ მიანიჭა.

 

კომენტარები