სერგეი ბაღაფშის პანაშვიდს მედვედევი დაესწრო

მოსკოვში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის,  სერგეი ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდი  დასრულდა.

ცერემონიას დღეს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან ერთად რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტაც დაესწრო. რუსული მედიის ცნობით,  პანაშვიდზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.   ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების  კულტურის ცენტრში გაიმართა. 

დღეს საღამოს  ბაღაფშის ცხედარს აფხაზეთში  გადაასვენებენ. მას 2 ივნისს  ოჩამჩირის რაიონში, მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ. 62 წლის ბაღაფში  კვირას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში  ფილტვის ურთულესი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის  არჩევნები,რ ომელსაც თბილისი ”არალეგიტიმურს” უწოდებს. ”პრეზიდენტობის” ყველაზე რეალურ კანდიდატებად დე ფაქტო პრემიერ მინისტრს, სერგეი შამბას, დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს და ოპოზიციის წარმომადგენელს, რაულ ხაჯიმბას განიხილავენ.

ეუთოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები აფხაზეთში გამართულ ”საპრეზიდენტო არჩევნებს” არ დაესწრებიან. ”ეუთო მხოლოდ იმ ქვეყნებში გამართულ არჩევნებს აკვირდება, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრები არიან, აფხაზეთი კი მათ რიცხვში არ შედის,” განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელმა იენს ეშენბეხერმა. 

კომენტარები