სტროს-კანს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/gasaupatiurebelikaci.png##fbimage#
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს, დომინიკ სტროს-კანს, რომელიც გაუპატიურების მცდელობაშია ეჭვმიტანილი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრეს. დაცვის მხარე მზად იყო გირაოს სახით 1 მილიონი დოლარი გადაეხადა.  სტროს-კანი, რომელსაც ამერიკელმა მოსამართლემ ბრალი შვიდ პუნქტში წაუყენა, სასამართლო პროცესის დაწყებას ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში, რაიკერს-აილენდში დაელოდება.
 
62 წლის პოლიტიკოსი, რომელსაც საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლა სარკოზის ყველაზე ძლიერ კონკურენტად მიიჩნევდნენ, ყველა ბრალდებას უარყოფს.

სტროს-კანი პოლიციამ შაბათს აეროპორტში დააკავა, მას შემდეგ, რაც სასტუმროს 32 წლის დამლაგებელმა ქალმა ფრანგ პოლიტიკოსს გაუპატიურების მცდელობაში დასდო ბრალი. მისი თქმით, სტროს-კანი სასტუმროს სააბაზანოდან შიშველი გამოვიდა და დამლაგებელი საძინებელში შეათრია. დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა. სტროს-კანმა კი სასტუმრო ნაჩქარევად დატოვა და აეროპორტისკენ გაემართა, თუმცა სამართალდამცველებმა ის თვითმფრინავში ასვლისთანავე დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები