DEPHYნიცია

წელს, მისი მოთხრობა, “დასასრულამდე” (Before The End) შევიდა “2012 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობების” ანთოლოგიაში. პრესტიჟულ, პოეტთა და რომანისტთა საზოგადოებაში Ledig House-ში მიიწვიეს, სადაც 3 თვის მანძილზე ახალ რომანზე იმუშავებს და ნიუ იორკისა და ევროპის გამომცემლობებთან ითანამშრომლებს. და კიდევ: ნიუ იორკში, 29 აპრილს, ასევე პრესტიჟულ ფესტივალზე Pen World voices მიიღო მონაწილეობა და ექსპერიმენტული როკის განთქმულ წარმომადგენელთან, ლორი ანდერსონთან ერთად, მუსიკისა და პოეზიის ლაივ-პერფორმანსი გამართა.

დღეს ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ქართველ ავტორს, დავით დეფი გოგიბედაშვილს, როგორც თავად ამბობს _ გლობალური საიდენტიფიკაციო კოდით - დავით დეფით იცნობენ.

გამოვა გავლენიანი ლიტერატურული ჟურნალები New York Times Book Review, Wild River Review,  სადაც წაიკითხავთ: David Dephy presided over by the iconic Laurie Anderson... Sublime alchemy... These poems are beyond gorgeous... ეს მხოლოდ ნაწყვეტებია...

მოკლედ, დავით დეფი ნიუ იორკული ლიტერატურული ტურნედან:
  

აქვს ამ წარმატებებს კავშირი ერთმანეთთან, თუ ცალკეული ნაბიჯების შედეგია? რა ძალისხმევა უძღოდა თქვენგან თითოეულ მათგანს?

ზოგჯერ დიდი ძალისხმევა არ გჭირდება, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება, მაგრამ ზოგჯერ მთელი ცხოვრება ძალისხმევისა და მოულოდნელობის დიდი და უცნაური კავშირია. ასეა ჩემ შემთხვევაშიც. სამივე წარმატება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, ოღონდ თავთავიანთი დამოუკიდებელი კვანძით.

ნიუ იორკის ლედიგ ჰაუსი ყველა ქვეყნის მწერლისთვის ოსტატობის ნიშნადაა მიჩნეული. მე შესარჩევ კონკურსში გავიმარჯვე 24 ქვეყნის კანდიდატებში და ახლა აქ ვარ.

პენ ფესტივალზე კი ამავე ფესტივალის დირექტორისა და პრეზიდენტის, სალმან რუშდისა და ლასლო ორსოსის შემოთავაზებით აღმოვჩნდი, რომელთაც ჩემი თავი, ლედიგ ჰაუსის დირექტორებმა დი დაბლ იუ გიბსონმა და ჯოშუა ფარსტმა წარუდგინეს, ჩემი ინგლისურად თარგმნილი რომანებისა და პოეზიის გაცნობის შემდეგ.

ხოლო, როცა ლორი ანდერსონმა პოეზიის ჩემივე ალბომი “დაფიონი” მოისმინა, გადაწყდა, ნიუ იორკში, ლექსინგტონ ავენიუზე, პოეზიის მსოფლიო ცენტრში ლაივი მექნებოდა, სადაც ჩემთან ერთად, გამოვიდოდა დიდი ამერიკელი პოეტი იუზეფ კომუნიაკაა, პოეზიაში პულიცერის პრემიის ლაურეატი.

ვის ეკუთვნის თქვენი “ევროპული” მოთხრობის თარგმანი? არსებობს სტანდარტები, რაც ამ წარმატების მოპოვების კრიტერიუმად გამოდგება?

მოთხრობის და ჩემი სამი ნაწარმოების, ვგულისხმობ რომანებს _ “დილა სასწაულების წინ”, “ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს” და წიგნის გმირებთან საუბრები, “სიტყვები სიტყვები სიტყვები” _ ინგლისური თარგმანი ეკუთვნის ცისანა გაბუნიას. პოეზია კი ჯულია მელიქიძემ და თიმ კერჩერმა. თარგმნეს.

ქვეყნად ერთადერთი სტანდარტია _ ნიჭი. ნაწარმოებში უნდა ჩანდეს ნიჭი და სიახლის გრძნობა... და თანაგრძნობაც... ალექსანრე ჰემონმა (ხსენებული ანთოლოგიის რედაქტორი) ეს დაინახა.

29 აპრილს თქვენი პოეზიის მუსიკალურ ფონს ლორი ანდერსონი ქმნიდა...

 ანდერსონი ფონს არ ქმნიდა, მან მუსიკა, ჩემ პოეზიაზე საგანგებოდ დაწერა. ეს ჩვენი საერთო ლაივი იყო. პერფორმანსის განაცხადშიც ასე ეწერა: “სადაა ზღვარი და თუ არის საერთოდ ზღვარი. სად მთავრდება მუსიკა და სად იწყება პოეზია”. ლაივამდე ორი საათით ადრე მთხოვა მისვლა და რეპეტიცია გავიარეთ, მაშინ ულამაზესმა და სინათლით სავსე ანდერსონმა თქვა: “როცა ინტერნეტში მოგძებნეთ და შენი ‘21 რიტუალური კოცნა’ წავიკითხეთ და როცა ახლა შენ გისმენდი, მივხვდი, ნიუ იორკში დღეს რაღაც განსაკუთრებულად მაგარი მოხდება. წამო ყავა დავლიოთ...”

როცა ლაივი დამთავრდა მან თითქოს პირდაპირ სულში შემომხედა: ნიუ იორკმა დღეს ახალი სამყაროს, ახალი საუკუნის პოეტი ნახა. შენ ახლა სახლში ხარ. მადლობა ღმერთს.

რუშდი, სცენის მიღმა, საგანგებოდ მეორეჯერ შემოვიდა ჩვენ სანახავად და მეგობრულად მხარზე ხელის მორტყმით, ხმამაღლა თქვა: მე ვიცი და ყველამ იცის, რომ დიდებულია საქართველო, მაგრამ შენ შენი ქვეყანა სამუდამოდ ჩაწერე თანამედროვე და მომავალ მსოფლიოს ლიტერატურაში.

ჩემი ასეთი გულახდილი, მაგრამ არათავმდაბლური პასუხი შესაძლოა უხერხულიც კია, მაგრამ ფაქტი ასე იყო და დაე, მეპატიოს ეს აღვირახსნილი არათავმდაბლობა.

თქვენი მოთხრობა საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებულშია. რას ნიშნავს ეს პირადად თქვენთვის და საქართველოსთვის?

მსოფლიო მნიშვნელობის კონტექსტში ყოფნას. მსოფლიო მნიშვნელობის სტატუსის ფლობას და მისი გავრცელების დიდ სურვილს, შესაძლებლობას, უსაზღვრობას და შნოს.

მე იდეალისტი ვარ და გლობალისტი. პოეტი და რომანისტი. და ვაცნობიერებ, რომ ბევრი მომეთხოვება, მაგრამ ბევრი არაფერი მეპატიება... რომ გნებავთ სიყვარული და გნებავთ პოეზია, იმხელა ცნებაა, ის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე ვეღარ იქნება... თუ ჩვენ შინაგან სამყაროში და მრავალენოვანი კაცობრიობის ლექსიკონში გადარჩება სიტყვა პოეზია, სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა, მაშინ გადარჩება სამყაროც. ჩემთვის ესაა ლიტერატურის დანიშნულება და ჩემი, როგორც პოეტისა და რომანისტის არსებობის გამართლებაც.

 “პოეტი PhD” _ თქვენი ახალი კონცეფციაა საკუთარი თავის შესახებ. რატომ?

დიახ ასეა. როგორც გლობალური იდენტიფიკაციისთვისაა არჩეული მხოლოდ დავით დეფი... ქართულადაც და მსოფლიოში არსებულ ყველა ენებზე.

ერთხელ სტივენ ჰოკინგისა და ლეონარდ სასკინდის ლექციებს ვისმენდი. ამ ორმა უბრწყინვალესი გონების ფიზიკოსმა თქვა, რომ მათთვის ახსნადია, თუ როგორ შეიქმნა სამყარო. მაგრამ არ ვიცით, რატომ შეიქმნაო. მე კი, პოეტი ვარ და ვიცი, რატომ შეიქმნა. და რადგანაც ვიცი ორი გენიალური ტვინის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი და რადგანაც პოეზიაში, მემგონი, არ გაიცემა წოდება ფი ეიჩ დი, ავდექი და თავს თვითონ მივანიჭე ეს წოდება. ნიუ იორკშიც და თბილისშიც და უკვე მთელ ჩვენ პლანეტაზეც, ბევრი ვხალისობთ ამაზე. თანაც ეს სამი ასო ბგერა ჩემ სახელშია ჩაძერწილი და ფილოსოფიის დოქტორის წოდებას, რომლისთვისაც ყველა საიდუმლო მჟღავნდება, უზუსტესად ირგებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემი სახელი დეფი საოცარი ქართული სიტყვიდან წარმოსდგება “დაფიონი” და შუმერულ დიალექტზე ის ქურუმთა საიდუმლო დამწერლობას ნიშნავს. ეს მართლაც მაგიაა...

არის თუ არა ნიუ იორკში შემოქმედებითი ცხოვრება სპეციფიკური და რითი გამოირჩევა?

ნიუ იორკს სამყაროს ცენტრად მივიჩნევ, თუმცა სამყაროს ცენტრი თვითონ ადამიანშია. არც კანტი გასულა კიონიგსბერგიდან და არც ვაჟა-ფშაველა ჩამოდიოდა ხშირად ბარში, მაგრამ მოახერხეს სამყაროს ცენტრის თავისივე თავში ამოყვანა... მაგრამ საქმე ისაა, რომ ნიუ იორკი სამყაროს მიჯნაა. აქ ყოველი წამი გეძვირფასება და ერთნაირად მნიშვნელოვანია სულიერი და მატერიალური ჰარმონია. ერთხელ, მე და გებრიელ ბირნმა მატარებლით, აქვე ახლოს, ერთად ვიმგზავრეთ. მთელი გზა ვსაუბრობდით და მუსიკას ვუსმენდით. მერე ჩვენ გზებზე წავედით. მერე უცებ დამირეკეს და მაცნობეს, რომ ერთ-ერთ საღამოზე აქ, ნიუ იორკში “დაფიონის” მოსმენა შემდგარა და პოეტები თავიანთ ლექსებთან ერთად ჩემ ლექსებს კითხულობდნენ... უცებ სადმე ბონოს წააწყდები და არ გაგიკვირდეს, თუ გთხოვა სიგარეტზე მომიკიდეო. ან ორჰან ფამუქთან ერთად კაფეში ყავა დალიე, მერე უსურვეთ ერთმანეთს Hავე ა ნიცე დაყ, და ნიუ იორკის ქუჩებში თქვენ თქვენი გზით გასწიეთ.

როცა ტერორიზმის სიმბოლო, ბინ ლადენი მოკლეს, თქვენ პლანეტის იმ ნაწილში იყავით, სადაც ეს ალბათ ყველაზე მეტად გაუხარდათ. თქვენი აზრით, ეს ცივილიზაციების დაპირისპირებაა თუ პოლიტიკოსებს შორის მიმდინარე ხულიგნური კონფლიქტი?

თაიმ-სქუერზე ზეიმის მსგავსი რამ კი შეიმჩნეოდა, მაგრამ ამერიკა გაწონასწორებულად შეხვდა ამ ამბავს. ვფიქრობ, არა მარტო ცივილიზაციებს შორის დაპირისპირებაა, არამედ უფრო ისტორიასა და აწმყოს შორის დაპირისპირებაც. ვინც უნდა დასჯილიყო, დაისაჯა. რატომ ტყვედ არ აიყვანეს და სასამართლო არ შედგა? ეს იმათ შევჩივლოთ, ვისაც არაფერი დაუშავებია და 11 სექტემბერს ცოცხლად დაიწვა.

ამიტომაც ჰქვია ჩემ ახალ რომანს “დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება”, რომელზეც სწორედ აქ ვმუშაობ. ჩვენ ყველანი დასასრულისა და დასაწყისის სევდას ვატარებთ, რადგან მეტად უცნაურ დროს გვიწევს ცხოვრება, რომელიც დასასრულისა და დასაწყისის მიჯნაზე გაედინება.

რას ფიქრობთ, არსებობს რეალური კონფლიქტი ბეჭდურ და ციფრულ ლიტერატურას შორის?

კონფლიქტი არ არსებობს. ეს პროგრესია. ლიტერატურა ცოცხალი ენერგიაა, ის ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. ი-ბუქი არსებობს და ასევე არსებობს კლასიკური წიგნიც. ასე ტიროდნენ ადრე, გაზეთი გაქრებაო, თეატრი გაქრებაო, მერე რადიო უნდა გამქრალიყო, მერე კიდევ რაღაც ... BoolShit!

ამას წინათ ინტერნეტით ჩემი პოეზიის ლაივი ჩავატარე სიახLOVE, მას ევროპის 16 ქვეყანა უყურებდა. ნუთუ ეს საოცარი საშუალება არაა ჩვენი სიახლოვისა?

Stop Russia თქვენი შექმნილი ლოზუნგია. ახლაც რაიმე გზავნილს ხომ არ გადასცემთ ნიუ იორკიდან საქართველოში?

ცხოვრება გრძელია, მაგრამ ჩქარა გადის. მინდა მოვასწრო გითხრა მიყვარხარ.

მე დედამიწის მოქალაქე ვარ და ამიტომაც ვამბობ ამ სიტყვას სიახLOVE.

 

კომენტარები