სტროს-კანს გაუპატიურების მცდელობაში დასდეს ბრალი

ნიუ-იორკის პოლიციამ ბრალი უკვე წაუყენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს, დომინიკ სტროს-კანს. მას ბრალად ედება ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელი ქალის გაუპატიურების მცდელობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა და ადამიანის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა.

62 წლის სტროს-კანი, რომელიც საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის კანდიდატად მოიაზრება, ამერიკელმა სამართალდამცველებმა ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში საფრანგეთში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დააკავეს.

სასტუმროს 32 წლის დამლაგებელმა ქალმა პოლიციელებს განუცხადა, რომ სტროს-კანი სააბაზანოდან შიშველი გამოვიდა და ის საძინებელში შეათრია. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, მამაკაცი ცდილობდა ის სასტუმროს ნომერში ჩაეკეტა. დამლაგებელმა გაქცევა მოახერხა და ინციდენტის შესახებ სასტუმროს ადმინისტრაციას აცნობა. სტროს-კანმა კი სასტუმრო ნაჩქარევად დატოვა და აეროპორტისკენ გაემართა.

ფრანგი ჟურნალისტების და პოლიტოლოგების აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის დაკავება მის პოლიტიკურ კარიერას წერტილს დაუსვამს, იმის მიუხედავად, თუ რა შედეგით დასრულდება სასამართლო პროცესი. დღემდე სტროს-კანს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტოქედ თვლიდნენ. საფრანგეთში მის დაკავებას „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა“ უწოდეს, იუწყება ტელეკომპანია BBC. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი საფრანგეთის იმიჯს შელახავს.  

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სტროს-კანს სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებენ. 2008 წელს მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში თავის ყოფილ თანამშრომელთან კავშირის გამო, თუმცა მაშინ სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ ის სამსახურეობრივ უფლებამოსილებებს ბოროტად იყენებდა. ამჯერადაც, სტროს-კანი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. 

დომინიკ სტროს-კანი სავალუტო ფონდს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. მას სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს. 

კომენტარები