ევროკავშირმა სირიას სანქციები დაუწესა

 სირიის ხელისუფლების მიერ ანტისამთავრობო დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო ევროკავშირმა სირიას სანქციები დაუწესა. მათ შორის არის ემბარგო იარაღის მიწოდებაზე. ბრიუსელის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა იარაღის ემბარგოს შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ეს იარაღი, შესაძლოა, რეპრესიებისთვის იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, სირიის ხელისუფლების 13 წარმომადგენელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, ხოლო მათი ევროპული აქტივები გაიყინა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, სირიის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილს სახელისუფლებო ძალებმა ალყა შემოარტყეს. უცხოური მედია იუწყება, რომ დამასკოს გარეუბანში სროლის ხმა ისმის. სხვადასხვა მონაცემებით, სირიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებს 600-დან 800-მდე  ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა. საპროტესტო აქციებს ძალის გამოყენებით შლიან ქალაქებში დერაასა და ბენიასში. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ, რაც სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებას საგრძნობლად ართულებს.

ორშაბათს სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ”კრისიზი გაივლის და დასრულდება, ადმინისტრაციული და პოლიტიკური რეფორმები კი გაგრძელდება.” მან სირიის მოქალაქეებს მოუწოდა ”ამ შეთქმულების წინააღმდეგ გაერთიანდნენ.” 

კომენტარები